პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან
საქართველოში აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის საელჩოებმა, რომელთაც შუამავლის როლი შეასრულეს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგში, 29 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს პარლამენტს საარჩევნო რეფორმაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ.
აღიარეს რა, რომ ცვლილებების მისაღებად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან მათ, „ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება“.
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. იმავდროულად, მათ სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
„ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში“, – აცხადებენ ფასილიტატორები.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ „კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში“ და დასძინეს, რომ მათი სურვილია, რომ „ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)