ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩზე „თავდასხმებს“ გმობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბლოკის დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით 29 ივნისს გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ ქართველი პოლიტიკოსებისა და მედია-საშუალებების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
განცხადება გაიზიარა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ „ადამიანები, შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეპყრონ“.
26 ივნისს ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, გერმანიის ელჩმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ნახსენები საერთოდ არ არის.
ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ასევე მოიცავდა „პოლიტპატიმრების“, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას. ოპოზიციის ამ მტკიცებას უარყოფს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.
- გერმანიის ელჩის კომენტარს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა
- არასამთავრობოები სოფო კილაძის საკითხზე გერმანიის ელჩის პოზიციას ეხმაურებიან
გერმანიის ელჩის კომენტარზე პასუხად „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელჩი „თარგმანში დაკარგულს“ ჰგავს და რომ „ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი გერმანიის ელჩი „ქართული ოცნებიდან“ დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქნირში გერმანიის მთავრობამ უნდა გაიწვიოს. ნათელაშვილმა გერმანიის ხელისუფლებას „პრო-რუსული“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)