ევროპის მოამბე – 30 ივნისი

🇩🇪🇫🇷 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს უმასპინძლა. ორ ლიდერს ტკბილად უსაუბრია და ასეც იყო დაგეგმილი: პანდემიის შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ “ევროპის მოტორი” მწყობრად თუხთუხებდეს, რათა ნაგვემმა ეკონომიკამ თვალში გამოიხედოს. შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ლიდერებს უთქვამთ, ჩვენი წინადადებები ევროკავშირის ანტი-კრიზისული ბიუჯეტის შესახებ საგნობრივი და სასარგებლოაო. ამასთან, “ხელმომჭირნე ოთხეულის” ქვეყნები გაუკილავთ, სხვის ჯიბეში ფულის თვლა კარგად იცით, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგადად ევროკავშირიდან მეტ ფულს იღებთ, ვიდრე ხარჯავთო. მერკელისაგან იმ სიტყვების გაგონება, რომელსაც, როგორც წესი, სამხრეთელი ლიდერები მიახლიან ხოლმე ნიდერლანდებს, ავსტრიას, დანიასა და შვედეთს ერთგვარ გაფრთხილებად უნდა ჩაესმათ მათ ლიდერებს, ბიუჯეტის შესახებ შემდეგ მოლაპარაკებებზე დაუკრეფავში ნუ გადახვალთო.

🇫🇷 მესიე მაკრონი გერმანიის კანცლერის რეზიდენციას ნირწამხდარი ესტუმრა, აკი მისი პარტია მუნიციპალურ არჩევნებში გვარიანად გაილახა. მოულოდნელი ეს არ ყოფილა – ფრანგები შარიანი ხალხია და არ უყვართ ერთი პარტია რომ თავს წამოაჯდება ხოლმე. ჰოდა სწორედ მუნიციპალურ (და ევროპულ) არჩევნებზე წამოარტყამენ ხოლმე თავში, ემანდ არაფერი შეგეშალოთო. მოულოდნელობა ის უფრო იყო, რომ წარმატების გვირგვინი ამჟამად მწვანეებს ერგოთ. ჰოდა, მაკრონი რისი მაკრონია, ამ სიგნალს მეყსეულად არ გამოხმაურებოდა. თურმე შემთხვევით შერჩეული 150 ადამიანი შეუკრებია და უკითხავს, აბა, ეკოლოგიაზე რა მოვიმოქმედოთო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი მარკონი ამგვარი იმპროვიზებული შეხვედრებით იმუხტება ხოლმე და მათი წაყვანის ოსტატიცაა. ბევრი უსაუბრიათ, მაკრონს უთქვამს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი ეკოლოგიური მიდრეკილებით ყველაზე დაჩაგრული რეგიონები კიდევ უფრო არ დაზარალდნენო. უსწავლია პრეზიდენტს გაკვეთილი – აკი “ყვითელი ჟილეტების” ამბოხის მიზეზი (თუ საბაბი) სწორედ ეკოლოგიური გათვლით მიღებული ღონისძიება – საწვავის გაძვირება – გახდა. ასე აღმოჩნდა ბატონი მაკრონი სცილასა და ქარიბდას შორის: ეკოლოგიურ ნაბიჯებს გადადგამს და “ყვითელჟილეტიანები” გამოვარდებიან, არ გადადგამს და – არჩევნებში მწვანეები მიიწევენ წინ…

✈️ ბალკანეთის მცირე ავიაკომპანიებს კორონავირუსმა თურმე შავი დღე აყარა. მათი უმრავლესობა სულს ღაფავს და სახელმწიფოს შესჩერებია ხელებში. ხორვატიის ავიახაზები, ადრია, მონტენეგროს ავიახაზები, ეგეოსის ავიახაზები, თურქული პეგასუსი, პოლონური ლოტი – ყველა გასაჭირშია. ის კი არა და “ეარ სერბია”, რომელიც “ეტიჰადის” ფრთისქვეშაა და თითქოს არაბული ნავთობდოლარების იმედზე თავი ქუდში უნდა ჰქონდეს, ტორტმანებს. სახელმწიფოებს ავიაკომპანიების გადასარჩენი ფული ნაკლებად მოეძევებათ, თუმცა საბერძნეთმა და ხორვატიამ უკვე თქვეს, ამ საკითხს შევისწავლითო. ბუნებრივი საბაზრო გამოსავალი ისაა, ავიაკომპანიები გამსხვილდეს, ოღონდ ბალკანეთში ეს ნაკლებ წარმოსადგენია – ხორვატიის ავიახაზები რომ “ეარ სერბიამ” იყიდოს?! ასეც არ გვიჭირს ჩემო ბატონოო, უთქვამთ ზაგრებში.