ევროპის მოამბე – 29 ივნისი
🇫🇷 საფრანგეთის ქალაქებს მწვანე ტალღამ გადაუარა. გუშინ აქ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა და მწვანეთა მოძრაობამ დიდ ქალაქებში იმარჯვა – აიღეს ლიონი, ბორდო, პუატიე, სტრასბურგი, დაინარჩუნეს გრენობლი და მმართველ კოალიციას გაუმაგრებენ ზურგს პარიზსა და მარსელში. აქამდეც მწვანეები მუნიციპალურ არჩევნებში არ იყვნენ ხელწამოსაკრავი ძალა, თუმცა დიდი ქალაქების მორჭმით დამკვიდრება სიახლეა მათთვის. პარტიას ეროვნულ დონეზე წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებას ვერ იღებს და ამიტომ მოხალისეების იმედადაა – გაზეთ ლე მონდის თქმით პარტიაში სულ ოთხი-ხუთი კაცი მუშაობს სრულ განაკვეთზე. სოციოლოგების თქმით, მათ წარმატებაში მაკრონის პარტიიდან გამოქცეულმა ამომრჩეველმა – ანუ ქალაქელმა ცენტრისტებმა – შეიტანეს დიდი წვლილი. ამით მწვანეების ამომრჩევლის სტრუქტურა იცვლება – აქამდე მწვანეთა ძირითადი ბირთვი სოციალისტების კიდევ უფრო მემარცხენე-ეკოლოგისტი საზოგადოება იყო. არის შანსი, რომ ქალაქების მართვაში გამოცდილება მწვანეებს მაკრონის ეკონომიკურ ცენტრისტებს დაუახლოვებს, რითაც საფრანგეთი გერმანიას ტრაექტორიას გაიმეორებს, ასე 20 წლის დაგვიანებით. თუმცაღა, მწვანეების პარტიული ინსტინქტი მაინც მარცხნივ მიიწევს და თავს ბოლოჟამს მიხრწნილი სოციალისტური პარტიის მემკვიდრედ სახავენ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან, ერთი რამ კი ცხადია – ბობოლა პარტიები მაკრონის აღმასვლამ კვარცხლბეკიდან მყარად მოისროლა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.
🇵🇱 არჩევნები იყო პოლონეთშიც, ოღონდ – საპრეზიდენტო. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ 41.8 პროცენტით პირველი ადგილი კი გაინაღდა, მაგრამ ვარშავის მერი რავალ ტრჟასკოვსკი კუდში მიყვება 30.4 პროცენტით. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება და გაზეთები ვარაუდობენ, ცხელი ბრძოლა იქნებაო. დუდამ თავისი პარტიული მომხრეები კი დარაზმა, მაგრამ ახლა სხვებიც დასჭირდება და ამის გაკეთება კი შეიძლება გაუჭირდეს. მშვიდობისა და სამართლიანობის პარტიამ ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფი მოიძულა და ერთადერთი რადიკალი კონსერვტორების დარაზმვაღა შემორჩათ. ოღონდ ამათთან მეგობრობა ევროკავშირში ისედაც შერყეულ რეპუტაციას კიდევ უფრო დაუზიანებთ. ოპოზიციონერ ტრჟასკოვსკის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ანტი-სამთავრობო ხმები დარაზმოს, მაგრამ ეყოფა თუ არა გასამარჯვებლად, ჯერაც არაა ცხადი.
🇪🇺 კორონა ვირუსი უკან არ იხევს. უფრო მეტიც, მაჩვენებლები შემაშფოთებელია. მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია, ნახევარი მილიონი გარდაიცვალა. ზარალით ლიდერობს აშშ, ბრაზილია, რუსეთი. შემთხვევითი არაა, რომ ეს ქვეყნები ვერ მოხვდნენ იმ სიაში, რომელთა მოსახლეობას ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე შეუშვებს ახლო მომავალში. შეგახსენებთ, ორიოდე ქვეყნის გამოკლებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმოსვლა აღდგა და შეზღუდვები მოიხსნა, გუშინ კი ევროკავშირმა საკმაოდ გულმოწყალე სია შეადგინა იმ მესამე ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირში თავისუფლად შემოესვლებოდათ დაწყებული 1 ივლისიდან. ამ სიაში ჩინეთიც მოხვდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ევროკავშირის მოქალაქეებსაც გაუხსნის საზღვრებს. სხვათაშორის ევროკავშირმა პატივი გვცა და ამ კეთილშობილ ქვეყნებს შორის საქართველოც მოიხსენია, თუმცა ბოლო წუთს ყოყმანი შეეტყოთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და სია აღარ დაუმტკიცებიათ – ამ საკითხს დღეს მიუბრუნდებიან. ვირუსის შემაშფოთებელი გავრცელება როგორც ჩანს აფიქრიანებთ. არც გაემტყუნებათ.
🇷🇸 სერბ პოლიტიკოსებს კოვიდის ვირუსი დარევია: პარლამენტის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მოხვედრილა, თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე ვულინი და მთავრობის კოსოვოსა და მეტოხიის საქმეთა გამგე მარკო ჯურიჩი, საგარეო სამინისტროს გენმდივანი და კომერციული პალატის დირექტორიც ერთმანეთს წაწყობიან. რამ შექმნა “მთავრობის კლასტერი” ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბალკანეთია მაინც, დააბრალებენ რომელიმე მეზობელს…