„TI საქართველომ“ პარტიების 2019 წლის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TIG) 9 ივლისს 19 პოლიტიკური პარტიის მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, ქართული ოცნება კვლავაც „ყველაზე მდიდარი პარტია“ იყო და დაფინანსების თვალსაზრისით „უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა“.

პოლიტიკური პარტიების შემოსავლები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის – საქართველოს“ ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში – 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი – ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. მმართველ პარტიას 1 676 618 ლარით პატრიოტთა ალიანსი, ხოლო 1 643 099 ლარით – ევროპული საქართველო მოსდევენ.

ანგარიშის თანახმად, პარტიებმა შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელწმიფოსგან, 41% (8 437 689 ლარი) კი – კერძო სექტორისგან მიიღეს. აქედან, ქართული ოცნების გარდა, დანარჩენი 18 პარტიის ჯამური შემოსავლების უდიდესი ნაწილი (88%), გასული წლების მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება იყო.

„საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოში“ ასევე განმარტავენ, რომ 2019 წელს, 19 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო და 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან პარტიებისთვის შეწირული თანხების ჯამურმა მოცულობამ 8 362 581 ლარი შეადგინა.

„შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდიოდა. ქართულმა ოცნებამ 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა ლელომ და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების შემომწირველმა 9 და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში 141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს. აქედან 15 750 924 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვებით, ხოლო 126 092 739 ლარის მოცულობის ტენდერებით.

პოლიტიკური პარტიების ხარჯები

ანგარიშის თანახმად, 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ გასულ წელს 20 723 057 ლარი დახარჯა, საიდანაც 43% (8 877 711 ლარი) ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. გაწეული ხარჯებით მეორე და მესამე ადგილებს ევროპული საქართველო (2 206 248 ლარით) და პატრიოტთა ალიანსი (1 671 775) ინაწილებენ.

2019 წელს პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 2 352 736 ლარი დახარჯეს. აქედან 74% (1 747 140 ლარი) მმართველ პარტიაზე მოდის. „ქართულმა ოცნებამ რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ ჯამურად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სხვა საკითხები

„საერთაშორისო გამჭვირვალობას – საქართველოს“ თქმით, დაფინანსების გამჭვირვალობის თვალსაზრისით Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც საჯარო არ არის, კვლავ „მნიშვნელოვანია გამოწვევაა“.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება.

რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს: მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას; პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს და პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ;
  • პარტიებმა შემოწირულებების მოზიდვაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)