ევროპის მოამბე – 14 ივლისი
🇫🇷 პარიზში ეროვნული დღესასწაულის აღნიშნვა დიდი გაქანებით სჩვევიათ, მაგრამ ვირუსის პარპაშმა ფრანგულ მამალსაც შეუკვეცა ფრთები. წლევანდელი ზეიმი და ტრადიციული აღლუმი უფრო მოკრძალებული იქნება და მას მხოლოდ 2500 მაყურებელი დაესწრება. პირბადეების ტარებაც სავალდებულოა. წლევანდელ აღლუმზე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ექიმებს, მაშველებსა და სამხედროებს, ვის ზურგზეც ეპიდემიასთან ბრძოლამ გადაიარა. დედაქალაქს სამხედრო თვითმფრინავები გადაუფრენენ, მათ შორის გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავიც. ამ ჟესტით ფრანგები გერმანიას მადლობას უხდიან პაციენტების ევაკუაციასა და წამლობაში დახმარებისათვის. პარიზსა და ბერლინს შორის ასეთი ჟესტები ჩვეული ამბავი კია, მაგრამ ჩვენ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისხლიანი მტრობის მერე ჭრილობების მოშუშებას მუდმივი ზრუნვა და კეთილი სიტყვა თუ საქმე სჭირდება.
🇩🇪 კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერება და ევროპული სოლიდარობის შერყეული პრესტიჟის აღდგენა სახუმარო საქმე არაა. ჰოდა, ჩვეული შეუპოვრობით შემართულა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საქმეს მეთოდურად მისდევს, რომ ევროპელი ლიდერების საპარასკევო შეხვედრისთვის შეამზადოს ნიადაგი. გუშინ იტალიელი, დღეს კი ესპანელი კოლეგებისათვის უმასპინძლია დახმარების გეგმაზე სალაპარაკოდ. არ მაქვს იმის იმედი, რომ კვირის ბოლოსთვის ერთ პირზე ვიდგებით, მაგრამ საქმეს წაადგებაო – ამბობს მერკელი. არც დიპლომატიური სიმბოლოები ეშლება – კოვიდით ნაგვემი იტალიელისა და ესპანელის სიახლოვით ხელმომჭირნე ოთხეულს მიანიშნებს, თუ გაჯიუტდებით, თქვენს გვერდით ნუ მიგულებთო. მარტო პროტოკოლურ მინიშნებებსაც არ დასჯერებია და ტაქტიანად გადაუკრავს სიტყვა პრეს-კონფერენციებზე. კერძოდ, დახმარების გეგმის გადანაწილებისას არაფერიც დაშავდება თუკი კვალიფიციური უმრავლესობით ვიხელმძღვანელებთ და არა კონსენსუსითო. ეს აშკარად ჰოლანდიელი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტტეს გასაგონად ითქვა, რომელიც კონსენსუსს ითხოვს. მერკელმა ისიც თქვა, დახმარების გეგმას მარტო ფულის თვლამდე ნუ დავიყვანთ, ამის სარჩულად პოლიტიკური იდეა, სოლიდარობა და ადამანობა ჩაგვიქსოვიაო. ეჭვი გვაქვს, ეს უკვე ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერის სებასტიან კურცის გასაგონად უნდა ეთქვა, რომელიც ხელმომჭირნე ქვეყნების დე ფაქტო ლიდერია და ამასწინათ მერკელს დააყვედრა, დღეს მე რასაც ვამბობ, გუშინ შენ ამბობდიო. აი ასე, ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდნენო. შეისმენენ კი რძლები? პარასკევს ვნახავთ.
🇵🇱 პოლონეთში რომ კანონისა და სამართლიანობის მმართველი პარტიის ამფსონმა დუდამ იმარჯვა საპრეზიდენტო შეჯიბრში ეს უკვე გითხარით. რა შედეგს მოიტანს ეს? პოლონური ოპოზიციური მედია ამბობს, რომ ჯერ ერთი, სამოქალაქო საზოგადოებასა და მას-მედიას მმართველი პარტია კიდევ უფრო გულიანად შეუტევსო. მეორეც ერთი, ბრიუსელთან ორივე მხარის დამაზიანებელი ქვების სროლა ალბათ გაგრძელდება, ვარშავა განსაკუთრებით ევროპული სასამართლოების იურისდიქციას შეუტევს და კლიმატის თემაზე საუბრებს ჩაკლავს. მესამე – თავად ოპოზიციას საერთო კანდიდატის მხარდაჭერა ნერვების ფასად დაუჯდა. ახლა ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყება და ალბათ კარგა ხანი ნოკდაუნშიც დარჩებიან, რაც კვლავაც მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს. და ბოლოს, მეოთხე – პოლონური საზოგადობის თითქმის შუაზე გახლეჩა ამ არჩევნებისას ცუდის ნიშანია… ერთი კაცი მაინც გულწრფელად გაახარა თავისი საუკეთესო ძმაკაცის არჩევამ – ეს ამერიკის თავკაცი დონალდ ტრამპია, რომელიც დუდას წარმატებაზე ჭყლოპინით დაიჭიკჭიკა, აფერუმ, ძმაო, ეს რა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეო.
🇪🇺 ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ პირისპირ შეკრებილან. სალაპარაკო კი, იცოცხლეთ, ბევრი დაგროვებიათ. ერთი მთავარი თემა თურქეთი ყოფილა. ამ ბოლო დროს ანკარასა და ევროპულ დედაქალაქებს შორის ურთიერთობა ფრიად გაფუჭდა. ევროპელებს განსაკუთრებით ადარდებთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნავთობის საძიებო ბურღვა, რითაც კვიპროსის ტერიტორიული უფლებები ირღვევა და საბერძნეთსაც ადგება ჩრდილი. ამასთან, ლიბიაში თურქეთის სამხედროების მოქმედებე პირდაპირ ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერესებსა და გეგმებს. ისკიარადა, ფრანგ და თურქ მეზღვაურებს შორის საქმე კინაღამ სროლამდე მივიდა. საგარეო მინისტრებს არც აია სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთება მოსვლიათ თვალში, ეს რელიგიურ თემებს შორის უნდობლობასა და შუღლს აღვივებს და კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ურთიერთობასო, უთქვამთ მინისტრებს. თუ საქმე ასე გაგრძელდა, შეიძლება სანქციებამდე მივიდეთო, წუხან დიპლომატები.