მოსაზრება: ევროკავშირი ჩინეთმა და თურქეთმაც რუსეთის წაბაძვით დაიბრიყვეს

ავტორი: ნიკუ პოპესკუ საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ფართო ევროპის პროგრამის დირექტორი და მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.


კოვიდ-19-ის პანდემიამ საერთაშორისო ეკონომიკა კი შეანელა, მაგრამ მსოფლიოს სვლა უფრო ძალისმიერი საერთაშორისო პოლიტიკისაკენ სულაც არ დაუბრკოლებია.

ევროკავშირმა კი თქვა „ძალის ენაზე ლაპარაკი“  უნდა ვისწავლოთო, მაგრამ ამისთვის ჯერ საქმით არ გარჯილა.

სამაგიეროდ, ამ გაზაფხულიდან დაწყებული ჩინეთის საერთაშორისო დიპლომატიის დაშაქრული ენა საოცრად სწრაფად აილესა და „მებრძოლი მგლის“ ენაზე ამეტყველდა [„მებრძოლი მგელი“ ჩინური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სახელია, რომელიც ჩინურ სპეცსამსახურებს განადიდებს – რედაქცია].

თურქეთმა ლიბიაში ჯარები და იარაღი გაგზავნა, იქაური საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად – ოღონდ იარაღის საერთაშორისო ემბარგოს დარღვევით. თურქეთის გემები ნატოს მისიით ლიბიასთან მყოფ საფრანგეთის სამხედრო გემსაც არ შეეპუენ და დაემუქრნენ კიდეც. ამ ამბავზე ნატოს გულგრილობით ამრეზილი საფრანგეთი ნატოს სამხედრო ოპერაციიდან სულაც გამოვიდა.

ამასობაში რუსეთმა ლიბიის კონფლიქტის მეორე მხარეს, ამბოხებული საველე მეთაურის მხარდასაჭერად გაგზავნა ავიაცია, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობისგან თურქეთზე კიდევ უფრო ნაკლებად გაიკიცხა.

თავისთავად, ასეთი ამბები სიახლე აღარაა. უკვე ათწლეული გადის, რაც ამგვარად მოქცევა საერთაშორისო არენაზე რუსეთს გასდის და არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვები მისი მაგალითით საზრდოობენ.

ჰოდა, ჩინეთის აქამდე მოსაწყენად ბიუროკრატიული ქარაგმით მოსაუბრე საგარეო სამინისტრო უეცრად რუსი კოლეგების მამლაყინწური ტონით ამეტყველდა.

ლიბიაში თურქეთის ინტერვენციაც ფორმით ძალიან წააგავს სირიაში რუსეთის ინტერვენციას – ოღონდაც, ღმერთს მადლობა, ჯერჯერობით ამას სამოქალაქო მოსახლეთა შორის ბევრად უფრო მცირე მსხვერპლი მოჰყვა.

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ მოზრდილი ტერიტორიების კონტროლიც, ერთი მხრივ, თურქეთის მიერვე ჩრდილო კვიპროსის მრავალწლიან პყრობას წააგავს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, მოლდოვაში – დნესტრისპირეთის, უკრაინაში კი დონბასის ე.წ. „კონფლიქტის ზონების“  გაკონტროლების თარგს იმეორებს.

როგორც რუსეთის პოსტსაბჭთა მეზობლებთან ნასაზრდოებ კონფლიქტებს, ლიბიასაც, ჩანს, მისი ტერიტორიული დანაწევრების დროში გაყინვა ემუქრება. მისი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა გარე აქტორის მხარდაჭერით გააგრძელებს არსებობას, ეგებ ათწლეულების განმავლობაშიც კი.

გეოპოლიტიკური დეჟა-ვუ?

ბუნებრივია, რუსეთი პირდაპირ ვერ აგებს პასუხს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებმა მისი ქცევის მანერა გადაიღეს ევროკავშირთან თუ ამერიკასთან საქმის გასარჩევად.

რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაში წესიერი ქცევის ნორმებს ისე იოლად და – რაც მთავარია – დაუსჯელად არღვევდა, რომ სხვა სახელმწიფოებისათვის ასე მოქცევა სულ უფრო მიმზიდველი გახდა.

დასავლეთის უხერხემლო რეაქციამ რუსეთის მიერ წარმოებულ შეტევებზე დიპლომატიურ, კიბერნეტიკულ, პროპაგანდისტულ თუ უშიშროების სფეროებში ყველას ასწავლა, რომ თუკი ამერიკისათვის ხელთათმანის გადაგდება, ანდა ევროკავშირის დაჩაგვრა გსურთ, უტიფრად უნდა მოიქეთ.

თუნდაც კიბერ-შეტევები ავიღოთ. დიდი სახელმწიფოები უკვე 1980-იანი წლებიდან იყენებდნენ კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას, ოღონდაც ძირითადად დაზვერვის მიზნით.

უკანასნკელი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი გახდა კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – მაგალითად ელექტროგენერაციისა და გადაცემის სისტემებზე – კიბერ-შეტევების პიონერი ისეთი მასშტაბითა და გაქანებით, რაც არც ჩინეთს დასიზმრებია და არც შეერთებულ შტატებს. სიტყვაზე, ვირუსი Stuxnet, რომლის შექმნაც აშშ-ს ბრალდება, ირანის ატომური რეაქტორების წინააღმდეგ იყო მიმართული და არა – სამოქალაქო ქსელების დასაზიანებლად.

რუსეთის გამოცდილებით შთაგონებული კიბერ-შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იმდენად გავრცელდა, რომ ნატოს წევრებმა – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა საკუთარი ციფრული უსაფრთხოების დოქტრინებში უკვე შეიტანეს.

მსგავსივე ამბავი მოხდა არჩევნებში ჩარევის საქმეშიც.

რუსეთის მიერ გამოგონებული „ტროლების ფაბრიკები“ ანდა კიბერ-ბრიგადები, როგორც მათ ზოგჯერ უწოდებენ, 2000-იანი წლების შუაში ეიქმნა, ძირითადად საშინაო ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

დღეს აგრესიულ ტროლებს საშინაო პოლიტიკაში უკვე ათეულობით სახელმწიფო იყენებს. ამასობაში კი რუსეთმა პირველმა გაიყვანა ტროლები საერთაშორისო ასპარეზზე და 2016 წლის აშშ-ის, ხოლო 2017 წელს საფრანგეთის არჩევნებზე შეეცადა ზეგავლენას.

2020 წლისთვის ამ საქმეში უკვე ბევრად უფრო მეტი მოთამაშე ჩაერთო – მათ შორის ირანი, ჩინეთი, თურქეთი და ისრაელი.

თუკი ბევრად უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს დასაშვებისა და დაუსჯელის საზღვრები თავის ნებაზე გააფართოვოს, ეს იმის ბრალია, რომ ევროკავშირი და აშშ მათ ამის საშუალებას აძლევენ.

რაც უფრო დაუხრის თავს აშშ და, განსაკუთრებით, ევროკავშირი ამგვარ აგრესიულ მოთამაშეებს, მით უფრო გაუძლიერდებათ მათ ცდუნება, რომ ერთმანეთის წამხედურობით სულ უფრო აგრესიულად მოიქცნენ ევროკავშირისა და ამერიკის ინტერესების იგნორირების, შევიწროებისა და მათზე ღია შეტევების განხორციელების საქმეში.

ჩანს, რომ თეორიულ დონეზე ევროპელი ლიდერები ამას თითქოს აცნობიერებენ.

ჩინეთისა და თურქეთის მიმართ ტონი გამკაცრდა. ყოყმანის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავაც ძალაშია. საუბარია ევროკავშირის გეოპოლიტიკური აზროვნების განვითარებაზე, მისი სტრატეგიული სუვერენიტეტის ზრდაზე.

თუმცაღა ამ აუცილებლობის თეორიული გაცნობიერება ჯერაც არ ქცეულა ხელშესახებ პოლიტიკად. ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის, თურქეთისა თუ თავისი სამხრეთი სამეზობლოს მიმართ ჯერჯერობით უმეტესწილად არაგეოპოლიტიკურია.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში სავარაუდოა, რომ სამხედრო ხარჯები სულაც შემცირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შექმნა იურიდიული საფუძველი მტრული სახელმწიფოების მიერ განხორციელებული კიბერ-შეტევების საპასუხოდ სანქციების შემოსაღებად, ეს ბერკეტი ჯერ არასოდეს გამოუყენებიათ.

ევროკავშირი გეოპოლიტიკური როლის თამაშთან ახლოსაც კი ვერ მოდის ვერც სირიაში და ვერც ლიბიაში.

რუსეთის გაღიზიანების შიშით, ევროკავშირი საკუთარ ჩრდილსაც კი უფრთხის, როცა უკრაინასა და საქართველოსთან უსაფრთხოების (თავდაცვას რომ თავი დავანებოთ) სფეროში თანამშრომლობაზე ჩამოვარდება სიტყვა.

ჰოდა, სანამ ევროკავშირის პოლიტიკა „ძალის ენაზე საუბრის“  მის მიერ დეკლარირებულ სურვილს ამდენად ჩამორჩება, მას უკეთეს შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ძალისმიერი მოთამაშე ჩააგდებს არარაობად, ზოგჯერ კი შეიძლება სულაც დაიბრიყვონ.

Source
Russia showed Turkey and China how to bully EU