ევროპის მოამბე – 5 აგვისტო
🇪🇺 ევროკავშირში აზერბაიჯანის ელჩი ფუად ისგანდაროვი ბრიუსელის პრესის სამიზნედ იქცა მას შემდეგ რაც აშშ-ში დაღუპული ჯორჯ ფლოიდისა და მისი მხარდამჭერების გამაქიაქებელი ფეისბუკი გააზიარა თურმე. რუსულენოვან პოსტში თურმე თავად ფლოიდსა და მის ჭირისუფლებს ბოროტად დასცინოდნენ, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერ ბაიდენს კი გამოჩერჩეტბულ ბერიკაცს უწოდებდნენ. რასისტული გამონათქვამებიც ყოფილა. როცა პრესამ ელჩს ჰკითხა, ეგ რამ გაგაზიარებინაო, მას უპასუხია დღეში ათასი რამე მომდის და ამის არც მიღება მახსოვს, არც გაზიარებაო. არა მგონია სიტყვაზე დაუჯერონ, როცა წესიერ ოჯახში შედიხარ, ცივილიზებული ქცევის წესებსაც უნდა დაემორჩილო.
🇩🇪 გერმანიის პრეზიდენტად ყოფნისას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ცდილობს ანაზდეულად არ გამოჩნდეს ხოლმე კამერების წინ, თუმცაღა ამ კვირაძალის დემონსტრაციის შემდეგ ამის გაკეთება მაინც მოუწია. ათასი ჯურის შერეკილი – დაწყებული სვასტიკიანი მოფაშისტო ელემენტებიდან, დამთავრებული ჩიტირეკია ჰიპებითა, ცისატრტყელას დროშიანი ლგბტ აქტივისტებით, კლუბების მოყვარული რეივერებითა და თავისუფლების მსურველი ბებრუცუნებით – თურმე ბერლინის ქუჩებში გამოსულა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად. ჯიბრზე არც დისტანცია დაუცვიათ და არც პირბადეები ჰკეთებიათ. შტაინმაიერს უთქვამს, უმცირესობის უპასუხისმგებლობა ყველას საფრთხეში გვაგდებსო. მართლაც, თითქოსდა დამშვიდებული ვითარების კვალდაკვალ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და აგერმანელი ექიმები დარდობენ, მეორე ტალღა გვიახლოვდებაო.
🇨🇾🧀 ყველი, მოგეხსენებათ, საამური საჭმელია. მით უფრო – ჭყინტი. ავიღოთ, მაგალითად, კვიპროსელების კბილის გასაკრაჭუნებელი და ტაფაზე შესაპიწკინებელი ყველი “ჰალუმი” – საამური რამაა. ოღონდაც მოულოდნელად ჩვენი ჰალუმი სავაჭრო და პოლიტიკური ინტრიგის ნაწილად ქცეულა. თურმე, როცა ბერძნული და თურქული წარმოშობის კიპრიოტები კუნძულის გაერთიანებაზე მსჯელობდნენ, ევროკავშირი შეეცადა სწორედ ყველით შეეტყუებინა მხარეები ხელმოწერაზე – თუ შეთანხმდებით, ჰალუმის დაცული გეოგრაფიული წარმოშობის ნიშანს მივანიჭებთო. ეს ნიშნავდა, რომ კვიპროსელების გარდა სხვა ვერავინ დაამზადებდა ყველს “ჰალუმის” სახელით (ისევე, როგორც, მაგალითად “როკფორს” ვერ გამოუშვებთ და “კონიაკს” ვერ ჩამოასხამთ, თუ შესაბამისი რეგიონებიდან არ ბრძანდებთ), რაც კუნძულს სარფიან ვაჭრობას ჰპირდებოდა. ახლა კი კვიპროსელებს აშიშხინებული ჰალუმი ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მიუმართავთ და ამ მიზეზით კანადასთან უზარმაზარი სავაჭრო ხელშეკრულების შეფერხებას ლამობენ თურმე. ეგებ კვიპროსელები ამ ბერკეტით ბრიუსელის გამოფხიზლებას ლამობენ, ჩვენს შელფზე თურქეთის მიერ ნავთობის ბურღვის აღსაკვეთად უფრო გულიანად დაგვიდექითო?! აღდგომა და ხვალეო, ჩვენ კი ის დავიხსომოთ, რომ ევროპაში ყველი ხშირად ყველზე ბევრად მეტია…