საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.7%-ით შემცირდა და 7.02 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7%–ით შემცირდა და 2.07 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 17.5%-ით შემცირდა და 4.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.88 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში 970.3 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი 820.6 მლნ, 737.4 მლნ, 593.8 მლნ და 385.6 მლნ აშშ დოლარით.
296.5 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქეთი 284.2 მლნ, 266 მლნ, 216.3 მლნ და 129.6 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 840.7 მლნ, 554.5 მლნ, 440.9 მლნ, 345.4 მლნ და 309.5 მლნ აშშ დოლარით.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში 462 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 260 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 145.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 122 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 75.8 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 75.2 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 69.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 63.6მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 59.5 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 53.7 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 683.8 მილიონი აშშ დოლარი.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში 481.5 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 325 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 312.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 205.2 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 178.8 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 101.8 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 68.8 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 44 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 43.5 მლნ აშშ დოლარი; შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები – 42.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 3.1 მლრდ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)