გაეროში გამოსვლისას გახარიამ რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრა
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 25 სექტემბერს გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის „უკანონო ქმედებების“ სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა. გახარიამ სხდომაზე რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული პოზიციის დაკავებისკენაც მოუწოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო სხდომა ვიდეოფორმატში წარიმართა.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მონაწილეებს საქართველოს პრემიერმა ქართულად მიმართა და განაცხადა, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა „რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე“.
რუსული ოკუპაციის კონტექსტში, გახარიამ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა და ადგილობრივთათვის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას, ასევე მათთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას გაუსვა ხაზი. მან საოკუპაციო ძალების მიერ ეთნიკური ქართველების თვითნებურ დაკავებებზე, წამებასა და მკვლელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულის მაგალითებად გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. „ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება“, – აღნიშნა გახარიამ.
„ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია“, – მიმართა მან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მკვიდრებს.
საქართველოს ევროპული გზა, რეფორმების დღის წესრიგი, კოვიდ-19
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება“.
„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია – ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება“, – თქვა გიორგი გახარიამ.
ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისადმი საქართველოს ერთგულებას გაუსვა ხაზი.
კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სირთულეების მიუხედავად“, საქართველომ „პანდემიის შემოტევასთან“ გამკლავება შეძლო, რაც „დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ“.
ხაზი გაუსვა რა, რომ ქვეყანა მწვანე ზონად რჩება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ, ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)