აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 150 მლნ აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 30 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესების მიზნით 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. ამ თანხიდან 130 მლნ აშშ დოლარი პოლიტიკაზე დაფუძნებული, ხოლო 20 მლნ აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია.
ბანკის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა ჰი იონგ ჰონმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული წყალმომარაგების და წყალარინების ოპერაციები არაეფექტურია, რაც სექტორის მდგრადობას უქმნის საფრთხეს და ქალაქებსა და სოფლებში სერვისების თანაბრად მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
„ ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება, მაშინ როცა ქალაქის მოსახლეობის 84%-ს და სოფლად მცხოვრებ 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე, ხოლო მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს წყალმომარაგება, რომელიც დღეში ოთხიდან 24 საათამდე მერყეობს, „კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს“.
ბანკის ცნობით, პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი 130 მლნ აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობას და მისი შესაძლებლობების განვითარებას დაეხმარება. ბანკისვე განცხადებით, სესხი ქალაქ თელავში 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, ხოლო ქსელში ჩართული ოჯახების რაოდენობა 40%-დან 100%-მდე გაიზრდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)