პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი პირი დააკავა
გენერალური პროკურატურის 7 ოქტომბრის განცხადებით, უწყებამ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრები – საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულებმა ვალდებულების მიუხედავად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესისთვის არ ჩაატარეს გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები და საქმეში არც კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები ჩართეს.
პროკურატურის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი სწორედ 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრი იქნებოდა, რომელიც შესაბამის რუკაზეც იყო დატანილი, ბრალდებულებმა აღნიშნული რუკა დამალეს და ის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის პროცესში არ გამოიყენეს.
უწყებისვე თქმით, სანაცვლოდ, დაკავებულებმა „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, „მიზანმიმართულად“ გამოიყენეს 1970-80-იან წლების რუკები, რომლებიც „სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან… მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებაში“.
„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3 500-მდე ჰა ფართობს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ან ნაწილი ტერიტორიის გადაცემას გულისხმობს და სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გენერალურმა პროკურატურამ ხელმწიფო კომისიის წევრების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხზე გამოძიება 29 სექტემბერს დაიწყო. უწყების განმარტებით, გამოძიება პროკურატურისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები „არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.
მაშინ, ივერი მელაშვილი პროკურატურის ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ „არავის არაფერი გადასცემია. არანაირი ტერიტორიის გასხვისება, მითუმეტეს სხვის სასარგებლოდ, არ ყოფილა“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი – ეს მის წინააღმდეგ დაგეგნილი „დიდი ხნის პროვოკაციაა“.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, ხოლო საზღვრის დანარჩენი ნაწილი, სადაც შუა საუკუნეების დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს, ჯერ კვლავ შეუთანხმებელია. ამ მონაკვეთზე ქვეყნებს შორის საზღვრის საკითხზე თანხმობის არარსებობის საკითხი ყურადღების ცენტრი 2019 წლის აპრილში მას შემდეგ მოექცა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრის ნაწილთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.
ასევე წაიკითხეთ:
- პოლიტიკოსები და ექსპერტები აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საქმეზე გამოძიებას ეხმაურებიან
- პროკურატურა დემარკაციის ექსპერტების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხს იძიებს
- 2019 წლის აგვისტო: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს
- გახარია და ალიევი გარეჯის მონასტრის ეკლესიების გახსნაზე შეთანხმდნენ
- საპატრიარქო: გარეჯის კომპლექსში შემავალი მონასტრების საკითხი „გადაუჭრელად რჩება“
- ქართველმა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი განიხილეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)