მიწათმოქმედების სამინისტრო გერმანელი აგრონომების მოწვევას გეგმავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 ოქტომბერი, N236
მიწად-მოქმედების სამინისტროში
გერმანელ სპეციალისტთა გადმოსახლება საქართველოში
[1920 წლის ზაფხულში ბავარიელებმა ოფიციალურად მიმართეს საქართველოს მთავრობას მიეცათ ნება საქართველოში გადმოსახლებისათვის, გამოეყო მათთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთები და რესურსები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
მიწად-მოქმედების მინისტრმა შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, რათა მან ხელი შეუწყოს გერმანელ სპეციალისტთა გადმოსახლებას საქართველოში. ეს გადმოსახლება მიწად-მოქმედების სამინისტროს ფრიად სასიამოვნოდ მიაჩნია, რადგან რესპუბლიკის სასოფლო მეურნეობის განსავითარებლად მეტად საჭიროა მცოდნე და გამოცდილი პირები, რომელთა რიცხვი ამ ჟამად ცოტა მოგვეპოვებიან.
მიუხედავად მიწის სივიწროვისა გადმოსახლება შეიძლება მოხდეს სხვა და სხვა კუთხეში. მხოლოდ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის გარემოება, რომ გადმოსახლებულნი არ დასახლდნენ კოლონიებად ერთს ჯგუფად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნის დასაწყისში ამიერ-კავკასიის სხვა და სხვა ადგილას განსაკუთრებით ტფილისის და ბორჩალოს მაზრებში.
გადმოსახლებულ სპეციალისტთა ცოდნა გამოცდილება ფართედ უნდა იყოს გამოყენებული რესპუბლიკის ფარგლებში. ამის გამო ყველა გადმოსახლებული რესპუბლიკის სხვა და სხვა პატარ-პატარა ნაწილებად უნდა იყვნენ ჩასახლებულნი საქართველოს მოქალაქეთა შორის. თვით არსებული საგადასახლებო ფონდის ხასიათიც ხელსშეუწყობს ასეთს ჩასახლებას, რადგან ეს ფონდი უმთავრესად პატარ-პატარა ნაკვეთებად არის განაწილებული უკვე დასახლებულ ადგილებში.