არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღეს აფასებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა 1 970 540 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11%-ია. მას შემდეგ, რაც საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო, „სამოქალაქო საქართველომ“ რამდენიმე ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა ასობით დამკვირვებელი არჩევნებს აკვირდებოდა, საარჩევნო პროცესის შეფასება სთხოვა.
დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დღე რთული იყო და უფრო მეტი დარღვევა შეინიშნებოდა, ვიდრე წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ძირითად დარღვევებს შორის მათ დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება დაასახელეს. მათივე თქმით, საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლების ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, წინა წლების ტენდენციას იმეორებს.
სულხან სალაძე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელი
სულხან სალაძის თქმით, სხვა თანმდევი პროცედურული დარღვევების გარდა, დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ მათი უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში. ერთ-ერთ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურადაც გაუსწორდა. სალაძის თქმით, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა 2020 წლის არჩევნების კიდევ ერთი „დამახასიათებელი ნიშანია“. „მომხდარ ინციდენტებზე, სამწუხაროდ, გამოძიება დაწყებულია ნივთის დაზიანების მუხლით, მაგრამ არა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ან ძალადობის მუხლით“, – განაცხადა მან.
„რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ნამდვილად იყო რთული არჩევნები. სამწუხაროა, რომ რიგი ტრადიციული [დარღვევების] შესახებ კიდევ გვიწევს საუბარი და უახლოესი წლების მანძილზე ამ პრაქტიკის შეცვლის წინაპირობაც არ ჩანს“, – აღნიშნა სალაძემ.
„ჯერ საია ვერ ისაუბრებს მთლიანობაში ამ [დარღვევების] გავლენაზე შედეგებზე, თუმცა ჩვენ ამ დარღვევებს უბნების დიდ ნაწილზე განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან და არა რაღაც რიგით დარღვევებს, რომლებიც შეიძლება არ ახდენდნენ გავლენას თუნდაც იმ უბანზე შედეგების ფორმირების ნაწილში“, – დასძინა მან.
ელენე ნიჟარაძე – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელი
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ „სამოქალაქო საქართველოსთან“ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ რიგ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და უბნებზე პარტიული აქტივისტების მობილიზაცია. ელენე ნიჟარაძემ დამკვირვებელთა საქმიანობაში ჩარევის, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. „სხვათა შორის, წინასწარაც ვიღებდით ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ საჯარო მოხელეებს სთხოვდნენ საარჩევნო ბიულეტინები გახსნილად გამოეტანათ“, – აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.
მისივე განცხადებით, ასევე ხდებოდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღება, რასაც მედიასაშუალება „ნიუპოსტი“ ახორციელებდა, რომელიც „ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ერთგვარი ზეწოლა შეიძლება იყოს“, ასევე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებზე.
მან ასევე გაუსვა ხაზი ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მათზე თავდასხმას და ეს „მიუღებელია“.
ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) ხელმძღვანელი
„თუ ჩვენ შევადარებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, ვიტყოდი, რომ იმაზე უარესია დარღვევების რაოდენობის თვალსაზრისით და ასევე გამოწვევების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა „სამოქალაქო საქართველოსთან საუბარში. „საერთო ჯამში, მე ვიტყოდი, რომ ხარისხობრივად ჩვენ არ გვქონდა ძალიან კარგი არჩევნები, იყო ბევრი დარღვევა“, – დასძინა მანვე.
გიგაურმა ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრის დღეს ზოგიერთი დარღვევა, შესაძლოა, მიზანმიმართული იყო, ზოგი კი საუბნო კომისიის წევრების მოუმზადებლობამ გამოიწვია. მისივე თქმით, დარღვევების უმეტესობა დღის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში დაპირისპირებების რაოდენობა გაიზარდა.
გიგაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლებს მოვალეობების შესრულებაში ხელი შეეშალათ, ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთ დამკვირვებელს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
„მთავარი რაც გამოარჩევს [ამ არჩევნებს] არის ის, რომ ჩვენ პანდემიის პირობებში ჩავატარეთ ეს არჩევნები და ეს იყო ის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვქონდა. მაგრამ ვნახეთ, რომ სავარაუდოდ მოქალაქეთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა გიგაურმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უბნების ძალიან დიდ ნაწილში კომისიის წევრების მიერ კოვიდ-19 გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები არ სრულდებოდა.
საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)