ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო დავების განხილვის პროცესზე
მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დავების განხილვის ვადები ამოიწურა და ცესკომ 13 ნოემბერს პირველი ტურის შედეგები შეაჯამა, „სამოქალაქო საქართველო“ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ არჩევნების პროცესზე ძირითად სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ესაუბრა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთაც დარღვევები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში გააასაჩივრეს, პროცესში არსებულ სხვადასხვა სახის დაბრკოლებაზე საუბრობენ, მათ შორის, საჩივრების განუხილველად დატოვებისთვის ხელოვნურად შექმნილ ბარიერებსა და უყურადღებო დამოკიდებულებაზე ორივე ინსტიტუტის მხრიდან.
ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელი
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ უარყოფითად შეაფასა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე სასამართლოში მიმდინარე პროცესი. მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი 162 საჩივრიდან მხოლოდ 10 დაკმაყოფილდა, მათ შორის რამდენიმე მხოლოდ ნაწილობრივ, რაც რეალურად არანაირი სურათის შექმნას არ უწყობს ხელს. სხვა პრობლემებს შორის მან საჩივრების განუხილველად დატოვებისთვის ხელოვნური, გაუგებარი ბარიერების შექმნა ან ორგანიზაციის დამკვირვებლის არაუფლებამოსილ პირად ცნობა დაასახელა.
ნიჟარაძის თქმით, სასამართლომ სარჩელების უმეტესობა არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციამ და შემდეგ ვერც სასამართლომ ვერ მოახერხა და არ გააკეთა ის, რომ შესწავლილიყო პრობლემური უბნები და საზოგადოებას დასაბუთებული პასუხები მიეღო. ნიჟარაძის შეფასებით, ამან პირდაპირ ხელი შეუწყო და „გაამძაფრა ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში“.
ნიჟარაძის განცხადებით, უმთავრესი პასუხისმგებლობის წილი საარჩევნო ადმინისტრაციაზე მოდის, რომელსაც პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, რომ ის პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა და რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციის ბრალი იყო, მოეგვარებინა.
მისივე თქმით, ახლა კრიზისიდან ერთდაერთი გამოსავალი პოლიტიკური დიალოგია, რაიმე შეთანხმების მიღწევის იმედით.
ამ კონტექსტში, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ინიციატივა ხმების გადათვლის თაობაზე შემდგომ კითხვებს აღძრავს, ვინაიდან მმართველი პარტია არ არის უფლებამოსილი, რომ „რაღაც ინსტრუქციები მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციას“. „საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე ვეღარაფერს ვეღარ გადათვლის“, – დასძინა მან.
ნონა ქურდოვანიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელის მოადგილე
ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ „საიამ“ 109 უბანთან დაკავშირებით წარადგინა საჩივარი, სადაც ხმების ხელახალ გადათვლასა და მონაცემების დაზუსტებას ითხოვდა.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები არ იხილავდნენ საქმეებს სრულყოფილად და „თითქოს ამას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე შინაარსობრივი დაინტერესება, რომ ყველა მტკიცებულება გამოეკვლიათ“. მან ასევე აღნიშნა, რომ იგივე ტენდენცია სასამართლოებშიც გაგრძელდა.
ქურდოვანიძის თქმით, საოლქო კომისიებმა ორგანიზაციის საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ მხოლოდ 19 იყო ისეთი უბანი, რომლებზეც მონაცემები დაზუსტდა დალუქული დოკუმენტაციის გახსნისა და ზოგ შემთხვევაში მთლიანად უბნის მონაცემების გადათვლის გზით. „ამ 19-დან 3 იყო ისეთი უბანი, სადაც მონაცემები შეიცვალა, ანუ ხმებთან დაკავშირებული ცვლილებები გამოიწვია გადათვლამ“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება სასამართლოებს, ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ 38 უბნიდან 12-თან დაკავშირებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „ამ 12-დან 1 შემთხვევაში მთლიანად გაბათილდა უბნის შედეგები და 2 შემთხვევაში მოხდა მონაცემების შეცვლა“, – დასძინა მან.
„საიას“ ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ საჩივრები ძირითადად განიხილეს, თუმცა არ დააკმაყოფილეს და ვერც საოლქო კომისიებმა და ვერც სასამართლოებმა საკუთარი გადაწყვეტილებები ვერ დაასაბუთეს, მხოლოდ უთითებდნენ, რომ „მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ყველა უბნის გახსნის შემთხვევაში მონაცემები ყველგან შეიცვლებოდა, თუმცა იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რა პრაქტიკაც მანამდე იყო, იმ უბნების შემთხვევაში, რომლებიც გაიხსნა, მაგალითი გვაჩვენებს, რომ იყო მართლაც მნიშვნელოვანი ხარვეზები კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით და ხელახალმა გადათვლამ გამოიწვია ხმებში ცვლილებები“, – დასძინა მან.
ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ (TIG) ხელმძღვანელი
„საერთაშორისო გამჭირვალობის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ „ეს საჩივრები მართლაც კანონის შესაბამისად განეხილათ და ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც [ორგანიზაციას] ჰქონდა, გაეცათ პასუხი“. „შეიძლება იმიტომაც, რომ ეს უბნები რომ გაგვეხსნა, იქ კიდევ უფრო მეტი პრობლემა აღმოჩნდებოდა. სხვა შემთხვევაში, შიში არ უნდა ჰქონოდათ იმისა, რომ ეს უბნები გადაეთვალათ“, – განაცხადა გიგაურმა.
„ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩვენს საჩივრებთან მიმართებით არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივად ზუსტად ერთი და იმავე ტიპის საჩივრები გვქონდა აბსოლუტურად ყველა საოლქოში შეტანილი“, – თქვა გიგაურმა. მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ 62 უბანი გაასაჩივრა, საიდანაც 40 საჩივარი არ დააკმაყოფილეს, ხოლო 19 განუხილველი დატოვეს.
3 უბანზე, სადაც ხმები ხელახლა გადათვალეს, გიგაურის თქმით, ოქმებში შეცდომები დაფიქსირდა, როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელს 3 ხმა ეწერა 33-ის ნაცვლად, ან ელისაშვილს 42-ის ნაცვლად 2 ეწერა, პატრიოტთა ალიანსს 1 ეწერა 21-ის ნაცვლად“.
მან ასევე განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 42 საჩივრიდან 92.8% არ დააკმაყოფილეს და სააპელაციო სასამართლოშიც არანაირი შედეგი არ ყოფილა, „მათ შორის, ის საჩივარიც არ დაგვიკმაყოფილეს, სადაც წარმოვადგინეთ ვიდეომასალა, სადაც ერთი ადამიანი რამდენჯერმე აძლევს ხმას“, – აღნიშნა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ მართალია, ცესკოს ჰქონდა უფლება, რომ დაეცადა, თუმცა მიუხედავად საჩივრებთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა, იჩქარა და პირველი ტურის შედეგები შეაჯამა. „შეჯამება მოხდა პოლიტიკური მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე 1 დღით ადრე და ამით იმ პოლიტიკოსებსაც ჩაუჭრეს ყველანაირი პოლიტიკური გზა იმისთვის, რომ მათ გადათვლის შესაძლებლობაზე ესაუბრათ. დღეს უკვე ამის შესაძლებლობა აღარ არის“, – დასძინა გიგაურმა.
ასევე წაიკითხეთ:
- „საია“ 38 უბნის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს
- არასამთვრობოების თქმით, საოლქო კომისიები საჩივრებს არ განიხილავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)