19 დეკემბერი, 1920: რესპუბლიკა სომხეთთან ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 19 დეკემბერი, N290
ეკატერინენფელდის გმირებს
2 წლის თავის გამო.
ის იყო გმირული ბრძოლა და შეუპოვარი თავდადება! ის იყო საბედისწერო, გადამწყვეტი შეტაკება და თავგანწირული დაცვა საქართველოს დამოუკიდებლობის.
შინ ინგლისის ახლად მოსული გამარჯვებით გაბრუებული სარდლობა გვისხდა, გარედან მუხანათური, ინგლისზე დაიმედებული ჰდროს [გენერალი დრო (დრასტამატ კანაიანი), სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] რაზმები გვიტევდა. ჩვენ კი მეზობლისგან მუხანათობის არ მომლოდინენი სათანადოთ მომზადებული არ ვიყავით.
დიდმა და მოულოდნელმა საფრთხემ შეანძრია ხალხის გული, მისი ტრადიციული ვაჟკაცობა და ეროვნული ენერგიის წყარო ააჩუხჩუხა.
დემოკრატია აღსდგა დემოკრატიულ რესპუბლიკის საზღვართა დასაცავათ. განახლებულ საქართველოს, ჯერ კიდევ ნახევარი წლის ჭაბუკს, მისი ერთგული შვილები შევარდენებივით ამოუდგნენ გვერდში.
პირველი და მთავარი სიმძიმე გადამჭრელი ბრძოლისა ჩვენს სახელოვან გვარდიას ხვდა წილად.
და მისი რაზმები მთელი შტაბით გაეშურენ იქით, სადაც საფრთხე მოძალებული იყო.
19 დეკემბერს გაიმართა სახიფათო, საშინელი და შეუბრალებელი ბრძოლა ეკატერინენფელდთან. უკან აჯანყებული სოფლები, ღამე ქურდულათ თავდასხმული მტერი, ასეთი იყო სურათი.
და ამ არახელსაყრელ პირობებს უმკლავდებოდა გვარდიის გმირული სულისკვეთება, მისი რევოლიუციური აღფრთოვანება, მისი შეუდრეკელი უშიშროება და თავდადება. და რევოლუციურმა ძალამ სძლია თავდამსხმელ მუხანათებს.
აქ თფილისი მოსულ უცხო ჯარებს სარდლობის წინაშე თავის პოლიტიკურ პოზიციებს იცავდა, იქ, ეკატერინენფელდში გვარდია რევოლიციურ მონაპოვარს ედგა დარაჯათ.
19 დეკემბერმა გადასწყვიტა ბედი საქართველოს დამოუკიდებლობის. მან გდაჭრა მომავალი თფილისის და ამით საქართველოს.
მან გზა გაუკაფა იმ ახალგაზრდა მხნე ჯარს, რომელიც თავისუფალ მოხალისეების, თუ მობილიზაციით გამოწვეულების სახით შემოერტყა გარს ჩვენს მთავრობას.
მსხვერპლნი ეკატერინენფელდის ბრძოლის, სანდრო მაისურაძე და მისი 30 ამხანაგები, რომელნიც საძმო სასაფლაოზე განისვენებენ, სისხლის ცემენტი იყო ახალგაზრდა რევოლიუციური ქართული ჯარის შემდუღებელი, არმიათ გამომჭედი.
აქედან ჩაეყარა საფუძველი არმიის მტკიცე წყობილებას და მის გვარდიასთან დაძმობილებას.
სისხლის ემბაზში გაიწმინდა ის ბოროტი ენით შემქნილი უნდობლობის ატმოსფერა, რომელსაც ქმნიდენ ამ ორ შეიარაღებულ ძალის ერთმანეთისგან, დასაშორებლად.
და დღეს, როცა ჩვენ ისევ ამ ბორჩალოს მიდამოებში ვდგავართ იარაღით ხელში, როცა მომავალი მონაწილე ორი წლის წინანდელ ბრძოლის კვლავ იქვეა დარაზმული, რომ დაიცვას ჩვენი საზღვრები, განსაკუთრებით საჭიროა მოგონება ამ პირველი გმირების, განსაკუთრებით აუცილებელია მათ საფლავს მივხედოთ. იქ გმირული თავდადების მაგალითი მივიღოთ და გამარჯვების წყურვილით გავიმსჭვალოთ.
სახალხო გვარდიის გმირებს, ძმათა სასაფლაოს გორაკზე, დღეს უნდა ფიცით შევეკრათ, რომ მათ ანდერძს არ ვუღალატებთ, მათ სახელს არ შევარცხვენთ, მათგან ამაყათ ნატარებ ძლევის დროშას ძირს არ დავუშვებთ.
თქვენ მოიხადეთ თქვენი წმინდა ვალი, და ნეტარი სახელი დასტოვეთ, ჩვენო გმირებო და მაგალითის მომცემნო. ჩვენც თქვენთან დავიმარხებით, ან გამარჯვების სანეტარო ყიჟინით მოვალთ და გახარებთ გაშლილი და თავისუფალი რევოლუციური დროშის მაღალ ფრიალს, თავისუფალი საქართველოს ბრწყინვალე მზის სხივზე მოელვარეს.
საუკუნო ხსოვნა გმირთა სახელს. მუდმივი გამარჯვება მათი ანდერძის ერთგულ მიმდევართ!