კარლ კაუცკი საქართველოდან ევროპაში გაემგზავრა

გაზ. ბათომის ფურცელი, 1921 წლის 6 იანვარი, N4

კარლ კაუცკის გაცილება

იანვრის 4-ს, საღამოს 7 საათზე ბათომი დასტოვა ინტერნაციონალის ბელადმა კარლ კაუცკიმ, რომელმაც სამი თვე დაჰყო საქართველოში.

ნავთსადგურში ის მიაცილეს: მთავრობის განსაკუთრებული რწმუნებულის თანამდებობის ამღსრულებელმა გენერალმა მდივანმა, ქალაქის თავმა გიზო ანჯაფარიძემ, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ ონიფანტე რამიშვილმა, გამგეობის წევრებმა, შრომის კომისარმა აფთონ წულაძემ და მუშებმა.

აგრედვე მოვიდა სახალხო გვარდიის გუნდი მუსიკით.

კარლ კაუცკიმ გერმანულ ენაზე გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა გვარდიელებს და შეკრებილ ხალხს:

„მე გემშვიდობებით დროებით ენერგიით აღსავსე მებრძოლნო ქართველებო, სამი თვის განმავლობაში ჩემი გული სტკბებოდა აქ ყოფნით და ახლა ტკივილებს ვგრძნობ როცა მივდივარ, მაგრამ მახარებს ის, რომ თქვენ იბრძვით დამოუკიდებლობისათვის, რაც აგრედვე ნიშნავს სოციალიზმისათვის ბრძოლას“.

კარლ კაუცკიმ ქართულად სთქვა „ნახვამდის“. ხალხი და გვარდია მხურვალე ტაშით და ვაშას ძახილით მიეგება მის სიტყვას, მუსიკამ დაუკრა ეროვნული ჰიმნი.

შემდგომ სოციალ დემოკრატიული პარტიის სახელით მიესალმა კარლ კაუცკის კაპიტონ გოგოლაძე, მან გაახსენა ხალხს,  რომ კარლ კაუცკი გზის მანათობელი ჩირაღდანია და მისი სტუმრობა საქართველოში ერთობ სანუკვარი იყო, რომელმაც ამ ჟამად მოგვცა მხნეობა და რჩევა დარიგება, მას საქართველო ეუბნება, ნახვამდის! და კვლავ ელის მის მოსვლასო.

ყოველ სიტყვის შემდეგ უკრავდენ ინტერნაციონალს.

მცირე მაგრამ ლამაზი სიტყვით მიმართა კარლ კაუცკის ვლასა მგელაძემ. ჰიმნით გამოეთხოვნენ.