პარლამენტმა რეგლამენტში უფრაქციო ოპოზიციონერთა სასარგებლო ცვლილებები შეიტანა
საქართველოს პარლამენტმა 28 იანვარს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ფრაქციის გარეშე მყოფ ოპოზიციის დეპუტატებს ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების კანდიდატების წარდგენის უფლება ენიჭებათ.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებებით უფრაქციო დეპუტატებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე 15 კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ.
ცვლილებები ძალაში მხოლოდ ამჟამინდელი, მეათე მოწვევის პარლამენტის ვადით დარჩება.
ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ცვლილებების მიზანია, ხსენებული პოზიციების დაკავებისა და საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვის შესაძლებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიეცეთ.
ცვლილებების მიღებამდე, ოპოზიციიდან პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულ ოთხ დეპუტატს, რომელთაც ახალი პარტია – ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს, საკანონმდებლო თანამდებობების დაკავების საშუალება არ ჰქონდათ, რამდენადაც ფრაქციის შესაქმენლად 7 დეპუტატია საჭირო.
ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის გამო საკანონმდებლო ორგანოში მათთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია.
მმართველი პარტიის ინიციატივას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ცვლილებების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების „მოსყიდვაა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)