ცხინვალმა საკანონმდებლო კრიზისის ფონზე 2021 წლის ბიუჯეტი მიიღო 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ 16 თებერვალს ხუთთვიანი საკანონმდებლო კრიზისის ფონზე „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ მიიღო. საბიუჯეტო შემოსავლები 7.7 მილიარდი რუსული რუბლით განისაზღვრა, საიდანაც 81.8% რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსდება.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა და ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს, მიუხედავად კვორუმის არარსებობისა, რისთვისაც 34 დეპუტატიდან 23-ის ხმაა საჭირო.

ცხინვალის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრა მაინც კანონიერად ჩაითვალა, ვინაიდან კვორუმის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნა „ფორმალურად არ მოქმედებს“, რადგანაც „სახელმწიფო“ გაზეთ „სამხრეთ ოსეთში“ არ გამოქვეყნებულა.

„პარლამენტის ვიცე-სპიკერმა“ პიოტრ გასიევმა განმარტა, რომ ნებისმიერი ნორმატიული დოკუმენტი სამართლებრივ ძალას მხოლოდ „სახელმწიფო“ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ იძენს.

„რესი“ გასიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონის „დეპუტატებმა“ რუსეთის სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელეს, რომლის თანახმადაც, კანონი ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება.

ოკუპირებული რეგიონის „დეპუტატები“ იძულებულნი გახდნენ „სახელმწიფო რეგულაციებში“ სამართლებრივი ხვრელები მოეძებნათ მას შემდეგ, რაც 2020 წლის სექტემბრიდან, როდესაც 17 ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ მანდატები შეიჩერა და ცხინვალი საკანონმდებლო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

„დეპუტატებმა“ უარი თქვეს მუშაობის განახლებაზე, სანამ ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების შესახებ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და არ დაიწყებოდა გამოძიება ახალგაზრდა პატიმრის ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით გარდაცვალების თაობაზე.

რეგიონის 2020 წლის ბიუჯეტი 7.58 მილიარდ რუბლს შეადგენდა, საიდანაც 6.22 მილაირდი მოსკოვის სუბსიდიაა. რუსული სუბსიდიებიდან 4.72 მილიარდი რუბლი რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე“ დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 1.5 მილიარდი „საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებას მოხმარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)