ოკუპირებულ აფხაზეთში „ექიმების საქმეზე“ უკმაყოფილება მატულობს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის უკმაყოფილება მატულობს მას შემდეგ, რაც რეგიონის „პროკურატურა და სპეცრაზმი“ 10 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ განახლებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიჭრა, რომელიც საავადმყოფოს მთავარი ექიმის აპოლონ გურგულიას და მისი მოადგილის, გიორგი ვოუბას წინააღმდეგ 2.87 მილიონი რუსული რუბლის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე აღიძრა.
ამგვარმა ქმედებამ 235 ექიმს უბიძგა, რომ 13 თებერვალს აფხაზეთის ლიდერისთვის, ასლან ბჟანიასთვის და „პარლამენტის თავმჯდომარისთვის“, ვალერი კვარჩიასთვის ღია წერილი გაეგზავნათ, სადაც უკმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სპეცოპერაციით, რომელშიც პოლიციის ძაღლები და ნიღბიანი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ, „პროკურატურამ“ ეთიკური ნორმები დაარღვია.
ექიმებმა განაცხადეს, რომ „ომონი“ (განსაკუთრებული დანიშნულების მობილური რაზმი) ისე იქცეოდა, თითქოს განსაკუთრებით საშიში კრიმინალების ან ტერორისტების აყვანას აპირებდა. მათივე თქმით, მისი „აგრესიული ოპერაციის“ შედეგად ვოუბას „გულის შეტევა“ დაემართა. ექიმებმა აღნიშნეს, რომ სამართალდამცველებს „სასამართლოს“ ჩხრეკის ოქმი არ ჰქონიათ.
„პარლამენტმა“ 15 თებერვალს ექიმების მიმართვასა და საგამოძიებო ოპერაციის დროს შესაძლო დარღვევებზე იმსჯელა.
მოსმენაზე აფხაზეთის „მთავარმა პროკურორმა“, ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ ვოუბამ თავდაპირველად უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ამიტომ პოლიცია იძულებული გახდა ექიმების კაბინეტები ჩხრეკის ოქმის გარეშე გაეჩხრიკა, მტკიცებულებების შესაძლო განადგურების აღსაკვეთად. „პროკურატურამ“ ასევე უარყო ბრალდებები, რომ „ომონი“ ექიმების დაპატიმრებას გეგმავდა.
მიუხედავად ამისა, სოხუმის „სასამართლომ“ ერთადერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილისთვის, ასლან ცკუასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი განაცხადა და დაასკვნა, რომ „პროკურატურამ“ საკმარისი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
19 თებერვალს, სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გამოძიების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
ოპოზიციამ „პროკურატურა“ არაეთიკური ოპერაციის გამო გააკრიტიკა და ხელისუფლება საქმის კორუფციის წინააღმდეგ ყალბ ბრძოლად შენიღბვაში დაადანაშაულა. ოპოზიციისვე განცხადებით, რეალური კორუფციის საქმეები გამოუძიებელი რჩება.
პარტია „ამცახარამ“, რომლის თავმჯდომარეც ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინიაა, მოუწოდა აფხაზ „დეპუტატებს“, რომ „პროკურატურის“ საქმიანობაში არ ჩაერიონ. პარტიის განცხადებით, კანონის და თანასწორობის პრინციპი „პატივსაცემი მოქალაქეების“ შემთხვევაშიც კი დაცული უნდა იყოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)