სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს

სამართალდამცველებემა 23 თებერვალს, დილით, ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია თავის სამუშო კაბინეტში დააკავეს.

რამდენიმე ასეული სამართალდამცველი და სპეცტექნიკა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მელიას მხარდამჭერები გასული დღეების მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გამთენიისას გამოჩნდნენ და მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

სამართალდამცველებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი – ოფისში ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდანაც ჩავიდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ოფისიდან შეკრებილების გამოყვანა დაიწეს, რასაც სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა, ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გაუშვეს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

„ეს არის დასასრული რეჟიმის“, – თქვა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიამ. მანვე ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „მოღალატეები“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „გავრილოვის გამო საქართველოს არცერთი მოქალაქე უნდა სამართლდებოდეს“.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განმარტა, რომ უწყების წარმომადგენლებმა შეკრებილები გააფრთხილეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელი არ შეეშალათ და მათ ამისთვის „გონივრული ვადა“ მისცეს. სამართალდამცველებმა ოპერაციისას დაუმორჩილებლობის მუხლით 21 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე. მოგვიანებით, უწყებაში დაადასტურეს ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან კომპიუტერული სერვერები წაიღეს.

გამოხმაურებები

პირველი შეფასება უკვე გაკეთდა ქართულ ოცნებაში. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს „საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. ჩამოთვალა რა ნიკა მელიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, „ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ გირაოს გადაუხდელობით მელიამ „თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“.

„დღეს წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“, – დაამატა მან.

ნიკა მელიას დაკავებას უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც და თქვა, რომ „არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება“. მისივე თქმით, ამას „აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება“.

„ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება და ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, იმისათვის, რომ მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – დაწერა Twitter-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ იგი ძალიან შეშფოთებულია „დარბევით“ და ხაზი გაუსვა, რომ პალატაში საქართველოს მხარდაჭერის აქტის შეტანა „ავტომატური პროცესია“.

„გაზი და ძალადობა გამოიყენეს, როგორც პუტინმა ერთ დროს. ივანიშვილის რეჟიმმა ამაზე პასუხი უნდა აგოს!“, – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და მელიას დაკავებას დემოკრატიაზე „თავდასხმა“ უწოდა. ლიეტუველი დეპუტატი საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა, რათა დახმარება აღმოეჩინა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში და ოპოზიციის ლიდერის დაკავება აღეკვეთა.

წინა მოვლენები

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, 22 თებერვალს, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა, რომელმაც გუშინ დეპუტატები წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „დესტრუქციული“ ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენის პირობა დადო.

მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი პრემირ-მინისტრობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვალს გუნდთან ნიკა მელიას დაკავების თაობაზე უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სასამართლომ 17 თებერვალს გირაო წინასწარი პატიმრობით მას შემდეგ შეუცვალა, რაც მან უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე, თავდაპირველად, 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ამ საქმეზე პარლამენტმა 16 თებერვალს სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)