გაზ. „კომუნისტი“: წითელი რუსეთის დახმარებით საქართველოს მშრომელებმა მენშევიკური ბატონობის ჯაჭვები დაამსხვრიეს
გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 2 მარტი, N1
გუშინ და დღეს
აღსრულდა! საქართველოს მშრომელმა ხალხმა, წითელი რუსეთის დახმარებით, დაამსხვრია, ნაკუწ-ნაკუწად აქცია მენშევიკური ბატონობის ჯაჭვები. თითქმის ოთხი ხანგრძლივი წელი გაგრძელდა ეს ბატონობა, 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდანვე საქართველოს დაეპატრონა ჟორდანია-რამიშვილის პარტია და ამ ოთხი წლის განმავლობაში – დღეს ეს ყველასათვის ცხადია – საქართველოს მშრომელ ხალხს გასახარი არა უნახავს რა, პირიქით! მენშევიკური პარტიის ასეთმა ბატონობამ ნათლად დაანახა ყველას, თუ რას ნიშნავს მუშათა კლასის და სოციალიზმის მოღალატეთა, კომუნისტურ რევოლუციებზე ბრაზმორეულ, გაბოროტებულ, რეაქციონურ წვრილ-ბურჟუათა დიქტატურა.
ერთი მხრივ თავ-აშვებული ვაკხანალია, ქეიფი და ლოთობა, რევოლუციის და სოციალიზმის ყოველივე სიწმინდის ტალახში ამოსვრა, გამასხარავება, – ქვეყნის ბატონ-პატრონთა ბანაკში, – მეორე მხრი კი სიცივე და სიმშილი, ტანჯვა და დამცირება, ტყვია, ციხე და სამშობლოდან გაძევება – მშრომელთა, ღარიბ-ღატაკთა ბანაკში. ასეთი იყო მოკლეთ მენშევიკური სინამდვილე. და ეს სინამდვილე მით უფრო საშინელი და საზიზღარი იყო, რომ იგი იფარებოდა, ეწყობოდა რევოლუციის, სოციალიზმის, დემოკრატიის, ეროვნული კულტურის დამოუკიდებლობისა და სხვა მსგავს ტანსაცმლით.
ისტორიაში ძვირად თუ შეხვდებით ასეთ ცინიზმით და უპასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფოს სინამდვილეს.
და აი ეს გუშინდელი სინამდვილე დღეს აღარ არსებობს. საქართველოს მშრომელი ხალხის საუკეთესო შვილთა და დამცველთა, მისთვის დატანჯულთა და წამებულთა ფიქრი-ოცნება, იდეალი სინამდვილეთ იქცა, ხორც-შესხმული მოგვევლინა.
დღეს საქართველოს მშრომელი ხალხი თავისუფალია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ის ამიერიდან მხოლოდ თავისთავს და საერთაშორისო რევოლუციას ეკუთვნის, მან თავი დააღწია უკვე ნახევრად მკვდარ, ძირ-გამომპალ იმპერიალიზმის კლანჭებს, ცოცხალმა თავი დაახწია მკვდარს.
საქართველოს მშრომელი ხალხი კვლავ ჩადგა საერთაშორისო რევოლუციის ფერხულში.
ტანჯვით და წვალებით, მაგრამ მაინც გაიკაფა მან გზა – კომუნიზმისაკენ, სოციალიზმისაკენ. ამიერიდან ეს გზა მისთვის იქნება ერთადერთი გზა.
წყევლით და კრულვით მოიგონებს იგი თავისი ისტორიის გუშინდელ სამარცხვინო ფურცლებს და მით უფრო გაკაჟებული, გაფოლადებული, ყოველივე დაბრკოლების დამძლევი, სოციალისტური საბჭოთა მუშურ-გლეხური დროშით ხელში მიეგებება ბრწყინვალე ხვალეს.
საქართველოს კომუნისტური პარტია და მისი ცენტრალური ორგანო „კომუნისტი“ ულოცავს საქართველოს მშრომელ ხალხს ამ დიად ბრწყინვალე გამარჯვებას!!!
გაუმარჯოს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას!