თბილისს მეწყრის საფრთხე ემუქრება
თბილისში, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ზემოთ, მთის ფერდობზე ნაპრალი გაჩნდა, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურებას უკავშირდება და რის გამოც თბილისის მერიამ 15 მარტს მიმდებარე მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ, რომელმაც 18 მარტს ტერიტორია მოინახულა, განაცხადა, რომ წინასწარი დაკვირვებით, ნაპრალის სიღრმე 19 მეტრია და დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასაა დაძრული. მისივე თქმით, მეწყრის შეჩერება შეუძლებელი იქნება.
გოდოლაძემ მეწყრის გააქტიურება ბუნებაში უხეშ ადამიანურ ჩარევას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მასის დაძრა, სავარაუდოდ, თბილისის მერიის მიერ არასწორად დაგეგმილმა საგზაო სამუშაოებმა და სამშენებლო პროცესებმა გამოიწვია. მან ქალაქის ხელისუფლება გეოლოგიური რისკების გაუთვალისწინებლობაში დაადანაშულა.
გეომორფოლოგმა ლაშა სუხიაშვილმა, რომელიც ამავე ინსტიტუტის თანამშრომელია, განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მდგომარეობა მეწყრულ პროცესებს უწობს ხელს, ადამიანურმა ჩარევამ პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. მისი თქმით, ფერდის სტაბილურობა მას შემდეგ დაირღვა, რაც მისი ძირი მერიამ წყალგაყვანილობისთვის გამოჭრა. ამას გარდა, მიმდებარე გზის მშენებლობისგან გამოწვეულმა ვიბრაციამ ასევე შეუწყო ხელი პრობლემის გამწვავებას.
სუხიაშვილმა აღნიშნა, რომ ანალოგიური „დესტაბილიზაციის“ წინაშე მიმდებარე ფერდებიც, შესაძლოა, აღმოჩნდეს და რომ მეწყერს წვიმა და შემდგომი ადამიანური ჩარევა კიდევ უფრო დააჩქარებს. თუმცა, მისივე თქმით, „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ მეწყრის ჩამოწოლა რაიმე საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. მისი თქმით, „მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლისა და წყალარინების მილების შეცვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნა რა, რომ „გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია“, თბილისის მერმა განაცხადა, რომ 22 მარტს თბილისში გერმანიიდან სპეციალისტები ჩამოვლენ და „უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება“.
კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მეწყრული პროცესის შესწავლა მიმდინარეობს და ის უახლოეს დღეებში დასრულდება. მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე თბილისის მერია მუდმივად აფასებს გარემოზე ზემოქმედების რისკებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)