ღარიბაშვილი ოპოზიციასთან „უშინაარსო“ მოლაპარაკებების დასრულებაზე მიანიშნებს
ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“.
ღარიბაშვილმა ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების „ახირებული“ მოთხოვნის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამ საკითხს აღარ განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობამ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც რამდენიმეთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ისახავდა მიზნად, ხელი არ მოაწერეს.
„შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მათ [ოპოზიციას] არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის დასტურია, რომ მმართველ პარტიას არ სურს, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს.
ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა „პოლიტიკური მართლმსაჯულების“ დასრულება და ახალ არჩევნებზე საუბარი, რომელმაც „უნდა მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა“, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება „ახირებად“.
„საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ამ ტრადიციას, რომ ყველაფერი დააბრალოს სხვას, მაშინ, როდესაც სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას შეეძლო არ ჩაშლილიყო ეს მოლაპარაკება და გარკვეული კომპრომისები გაეკეთებინათ“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებები, კიდევ უფრო გაამწვავებს კრიზისს.
ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი საქართველოში წარუმატებლად დასრულდა. 31 მარტს იგი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც შარლ მიშელთან კონსულტაციებს გამართავს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართული ოცნება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
- ევროკავშირის მედიაცია: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)