გერმანელი სოციალისტები საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებენ
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1
სოციალისტები და საქართველო
გერმანიის სოციალისტები
გერმანიის ორივე სოციალისტური პარტიები (იგულისხმება გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიას (SPD) და გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია (USPD) – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) პროტესტს აცხადებენ ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს სასარგებლოთ კამპანიას მეთაურობს კარლ კაუცკი. – კაუცკის წერილს შემდეგ ნომერში მოვათავსებთ.
გერმანიის მემარცხენე ს.-დემოკრატები
[იგულისხმება გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები (USPD) – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
„ფრეიჰაიტი“ გერმანიის მემარცხენე სოციალ-დემოკრატების გაზეთი სწერს:
„მოსკოვის საბჭოთა მთავრობის ცნობა, თითქოს საქმე ეხებოდეს არა რუსის წითელი ჯარის თავდასხმას საქართველოზე, არამედ მხოლოდ სომხებისა და ქართველების შორის შეტაკებას და რევოლუციონურ მოძრაობას თვით საქართველოში, – ეს ცნობა ზინოვიევისა სიმართლეს ჰგავს: თუმცა მოსკოვის მთავრობის ეს მტკიცება სრულ სიყალბეს წარმოადგენს.
სომხეთსა და აზერბეიჯანს სრულებით არ შეეძლოთ თავს დასხმოდენ საქართველოს, თუ გინდ ეს მათ ძალიანაც სდომებოდათ.
ბრძანება თავდასხმის შესახებ მოსკოვიდან მოვიდა; პატარა მშვიდობიანი ქართველი ხალხის მოსაკლავათ გამოყენებულ იქნენ რუსის საბჭოთა ჯარები, რომელთაც წინეთ ოკუპაცია მოახდინეს აზერბეიჯანის და სომხეთისა.
ამ შემთხევაში მოსკოვის საბჭოთა მთავრობა იძულებულია სადიზმის სიყვარულთან ერთად ცხადყოს თავის მშიშარობაც.
ვინაიდან საქართველოს მართავს სოციალისტური მთავრობა, რომელიც სავსებით ემყარება საქართველოს მუშათა კლასს და გლეხობას (რომელნიც მცხოვრებთა 90-95%-ს შეადგენენ); ამ მთავრობას მხარს უმშვენებენ ის სოციალისტები, რომლებსაც კარგათ იცნობს თითოეული წერა-კითხვის მცოდნე რუსი მუშა, როგორც პატიოსან და თავდადებულ მებრძოლ სოციალისტებს. ამიტომ მოსკოვი ვერ ბედავს ახლა სთქვას, რომ მისი მიზეზით იღვრება სისხლი ქართველი მუშებისა.
მთელი სიცრუე, სიყალბე, მუხანათობა და დაცინვა ადამიანის წმინდა გრძნობებისა, რომელნიც ახასიათებდა მსოფლიო ომს, მკრთალი სურათია ზინოვიევის მთავრობის სიმდაბლესა და დაცემასთან, რაც აშკარათ გამოჩნდა საბჭოთა რუსეთის ამ ომში პატარა საქართველოს წინააღმდეგ“.