აპრილ-მაისი, 1921: საბჭოთა ხელისუფლებამ 1000-მდე სოციალ-დემოკრატი დააპატიმრა
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1
საქართველოს ამბები
პროვოკაციული ბომბა და მენშევიკების დატუსაღება
ქალაქ ქუთაისში უცნობმა პირებმა, რომელთაც აღმოჩენაზე არავის უზრუნვია, ბომბა ესროლეს საშა გეგეჭკორს, საგუბერნიო კომისარს, ორი წუთით გვიან მისი გავლის შემდეგ. ეს მოხდა დღის 12 საათზე 30 აპრილს. ამ მიზეზით შეუდგენ მენშევიკების პარტიის წევრთა დატუსაღებას. ყველაზე პირველათ დატუსაღებას შეუდგენ დაბა ხონის კომუნისტები. მათ წინასწარ „იგრძვნეს“ ბომბის სროლა და იმავე 30 აპრილს დილის ათი საათიდანვე შეუდგენ მენშევიკების დაჭერას, ამას მოყვა შემდეგ ქუთაისი და ბათომი. სულ დატუსაღებულია დაახლოებით 1000 კაცამდე, უმეტესათ მოწინავე მუშები და ინტელიგენტები, მათ შორის: ზაქარია გურული [დააპატიმრეს 30 აპრილს ჭიათურაში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], გოგიტა ფაღავა [დააპატიმრეს 29 აპრილს ქუთაისში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], კ. ჭუმბურიძე, კ. გოგოლაძე, გიზო ანჯაფარიძე [დააპატიმრეს 3 მაისს ბათუმში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
დატუსაღებულებს აგზავნიან თფილისში; როდესაც ბათომიდან აგზავნიდენ ბათომის ქალაქის თავს გიზო ანჯაფარიძეს და სხვებს, მოქალაქეებმა თავი მოიყარეს აზიზიეს მოედანზე მათი ვაგონის წინ, რომ თავისი თანაგრძნობა გამოეთქვათ უდანაშაულო მსხვერპლთათვის.