საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ვიდეოზარით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 29 აპრილს ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს ვიდეოზარით ესაუბრა

ესტონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია სასამართლო და საარჩევნო სისტემათა რეფორმები.

ონლაინშეხვედრაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო-უკრაინა-მოლდოვასათვის საერთო ფორმატის შემუშავების მნიშვნელობაზეც. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ესტონელი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზეც მოიწვია და მის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის 3 ასოცირებული პარტნიორის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) სამიტის ორგანიზებას გულისხმობს.

ვიდოზარის დროს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრეზიდენტ კალიულაიდს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავებაზე, ნატოსთან კიბერუსაფრთხოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობაზე ესაუბრა, ასევე, გააცნო მას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთსა და ორი რეგიონის საოკუპაციო ხაზებზე არსებული ვითარება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)