მაისი, 1921: ოსი ბოლშევიკები ქართლის სოფლებს არბევენ
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2
საქართველოს ამბები
აწიოკება ქართლისა.
[საბჭოთა ხელისუფლების ხელშეწყობით 1920 წლის მაის-ივნისში გორის მაზრის ცხინვალისა და ჯავის რაიონში განვითარებული კონფლიქტის [ოსების აჯანყების] შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულ ოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1921 წლის მარტ-აპრილში უკან დაბრუნდა. საქართველოს რევკომი ხშირად თვალს ხუჭავდა ოსი ბოლშევიკების მიერ წარმოებულ ერთგვარ შურისძიების კამპანიაზე, რომელსაც მოჰყვა შიდა ქართლის სოფლების გადაწვა, ძარცვა-გლეჯა, გაუპატიურება და არაერთი მოქალაქის მკვლელობა. ოსი ბოლშევიკების მოქმედებების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ქართულ საბჭოთა პრესაში, მათ შორის რამდენიმე სტატია დაიბეჭდა გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტში. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
ქართლში ოსების ბატონობაა. მრავალი სოფელი გაანადგურეს, ბევრი ოჯახი სულ ამოწყვიტეს. დარბევას ხომ ანგარიში არ აქვს. თუ სადმე შეათვალთვალეს კარგი საქონელი, ძროხა, ხარი, კამეჩი და სხვა. შეისწავლიან მის ნიშნებს, შემდეგ იჩივლებენ თავის სოფლის რევკომში ამა და ამ ადგილას ჩემი ძროხა თუ ხარი არის ამ ნიშნებით წაყვანილი და დამიბრუნეთო. რევკომიც უბრუნებს.
ხალხი სასოწარკვეთილებამდე მივიდა. მრავალ სოფელში ეგზეკუციებია ჩაყენებული.