ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს 

ეკონომიკის სამინისტრომ 2 ივნისს განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგოსექტორში „ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია“ და აღნიშნა, რომ 2007-2019 წლებში პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევევები ოთხმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატარა, რომლითაც „დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა“.

განცხადება ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი პროტესტის ფონზე გაკეთდა. ოპონენტებს პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარებათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა, რომელიც სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა და რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. „ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის“, – აცხადებს სამინისტრო.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც მისმა განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს.

უწყებამ ასევე გაიხსენა 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადებული საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ნამახვანჰესი არის „ეკონომიკურად გამართლებული ენერგოობიექტი“, რომელიც „სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია, რომელიც 2018 წლის ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მანამდე 18 წლის განმავლობაში იმავე საკონსულტაციო ფირმასთან თანამშრომლობდა და ძირითადად მის მოსკოვის ოფისში მსახურობდა.

ეკონომიკის სამინისტროსვე ცნობით, 2019 წლის იანვარში ნამახვანჰესის პროექტის ანალიზი ასევე წარმოადგინა საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-მ. ანგარიშის მიხედვით, ნამახვანჰესი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი მინიმალური დანახარჯების (ე.წ. least-cost) მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია ჰესის აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.

USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტში „საქართველოს ენეგეტიკული პოლიტიკის კონცეფცია“, ენერგოსექტორში ქვეყნის წინა გამოცდილების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ სფეროში სტრატეგიული გადაწყვეტილებები „არ მიიღება სათანადო და საკმარისი ინფორმაციის ანალიზის და კვლევის საფუძველზე“. ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს არ გააჩნია სათანადო სისტემები და პროცედურები „გადაწყვეტილების მიღების პროცესის ექსპერტულ, კვლევით და პროფესიონალურ დონეზე მხარდასაჭერად“.

წინაისტორია

ნამახვანჰესის კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან.

ამჟამად, პროექტის ოპონენტები მთავრობისგან ინვესტორთან ხელშეკრულების გაწყვეტასა და მშენებლობის განმახორციელებელი კომპანიის მიერ რიონის ხეობის დატოვებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ყველა იმ პირის, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ გამოძიების დაწყებას, ვინც კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდა და მას ხელი მოაწერა. აქტივისტები კოორდინირებული ენერგოპოლიტიკის შემუშავებამდე მსგავსი პროექტების განხორციელებაზე მორატორიუმის დადებასაც ითხოვენ.

ნამახვაჰნესის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)