ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობაა

17 ივნისს, „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს „უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“.

„მთელი კონტექსტის გათვალისწინებით ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის, ეგ არის“.

ირაკლი კობახიძემ უარყო ბრალდება თითქოს, იგი ცდილობს, რომ მსგავსი პოზიციით მართლმადიდებელ ეკლესიას ასიამოვნოს და თქვა – „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მაისში მისმა პარტიამ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხი განიხილა, რომელსაც 15 პოლიტიკური პარტია შეუერთდა, თუმცა „ამასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“.

საპასუხოდ, „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორი ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელმა, გიორგი თაბაგარმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს კონსტიტუციის „ფეხქვეშ გათელვაა“. „ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც აქვს ღრმა სეკულარიზმის კრიზისი და არის იმ მდგომარეობაში, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან“, – დასძინა მანვე.

ირაკლი კობახიძის განცხადებას წინ ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ბიზნესმენისა და მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის 15 ივნისის ულტიმატუმი უძღვოდა, რა დროსაც მან ხელისუფლებას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა, „რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას“.

„თბილისი პრაიდი“ 1-5 ივლისს „პრაიდის კვირეულის“ ჩატარებასა და 5 ივლისს ღირსების მარშის მოწყობას გეგმავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)