23 ქართველი ავღანეთის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს 23 მოქალაქის გამოყვანაზე „აქტიურად მუშაობს“.
ხვთისიაშვილის თქმით, ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ყოფილი სამხედროები არიან, რომელთაგან 17 კანადურ, 6 კი – ამერიკულ კომპანიაშია კონტრაქტით დასაქმებული. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში დაბრუნების დახმარების თხოვნით მათ ხელისუფლებას გუშინ დილით თავად მიმართეს და რომ მთავრობას მათი იქ ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მისივე განცხადებით, ქართულმა მხარემ პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, გუშინ დღის ორი საათისთვის მათთვის შესაბამისი რეისზე ადგილები უპოვა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულში არსებული რთული ვითარების გამო აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს, რის გამოც უკრაინული რეისი მათ გარეშე გამოფრინდა. ხვთისიაშვილისვე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ქაბულის აეროპორტიდან 2 კმ-ში იმყოფებიან, აეროპორტში მისვლა ვერც ღამის განმავლობაში შეძლეს, შესაბამისად, მომდევნო სამი რეისიც, რომელთაც ისინი უნდა წამოეყვანა, მათ გარეშე გამოფრინდა.
ხვთისიაშვილმა ასევე განმარტა, რომ ქაბულიდან რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად კვლავაც მზად არიან, თუმცა ისინი აეროპორტამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
„ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა [მზადყოფნა], რომ დაგვეხმარებიან. ისინი მიიყვანენ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში… საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების წამოსაყვანად „ცალკე ბორტიც“ გაგზავნოს, რისთვისაც მოცემული მომენტისთვის, „ავღანეთის მთავრობასთან“ შესაბამის ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარებს.
ისლამისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა თალიბანმა აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესის კვალდაკვალ მოკლე დროში თითქმის მთელი ქვეყანა აიღო. დედაქალაქ ქაბულში შესვლა თალიბებმა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყეს და დღის ბოლოსთვის ქალაქი თითქმის უბრძოლველად სრულად დაიკავეს. ქვეყანა დატოვა დასავლეთის სახელმწიფოთაგან მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ. მედიით ვრცელდება კადრები ქაბულის აეროპორტიდან, სადაც ქვეყნის დატოვების მსურველთა ნაკადი არ წყდება.
20-წლიანი მისიის შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში განთავსებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა 21 მაისს დაიწყო და 28 ივნისს დაასრულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)