პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ნიშნით დევნასა და თვალთვალზე საუბრობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელმა და პარლამენტის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა, 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნამ „სისტემური“ და „მასშტაბური“ ხასიათი მიიღო და „შანტაჟის“, „მუქარისა“ და „სამსახურიდან გათავისუფლების“ შემდეგ, ხელისუფლებამ ე.წ. ჩადების მეთოდით მათი მხარდამჭერების დაჭერები დაიწყო.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, 16 აგვისტოს პოლიციამ მათ მხარდამჭერ აკაკი ბართაიას ავტომობილის საბარგულში იარაღი ჩაუდო და პოლიტიკური ნიშნით დააკავა. კერძოდ, მისი თქმით, ბართაია პარტიული საქმიანობის მიზნით სურამში მიემგზავრებოდა, რა დროსაც იგი მცხეთაში პოლიციელებმა გააჩერეს და მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკამდე ე.წ. „ტაქსიში“, რეალურად კი – შსს-ს შენიღბულ ავტომობილში გადაიყვანეს.
ბუჩუკურის მტკიცებით, ამ დროს, ე.წ. ტაქსსა და ბართაიას ავტომობილს შორის მესამე ავტომობილი ისე ჩადგა, რომ „მთლიანად დაფარა [ბართაიას] მანქანის ხილვადობა“. „შემდეგ [ბართაია] გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი… პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი“, – აღნიშნა მანვე.
დეპუტატის განმარტებით, დაკავების შემდეგ, ბართაიასგან ბიოლოგიური მასალა – ნერწყვი ძალის გამოყენებით აიღეს, „რა დროსაც ამ ადამიანმა მიიღო დაზიანება“. „ეს ყველაფერი გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დნმ-ის კვალის დასატანად“, – ხაზი გაუსვა მანვე.
დეპუტატმა ასევე გამოთქვა, ვარაუდი, რომ ხელისუფლება ამ „სამარცხვინო ფაქტის“ გამართლებას ბართაიას მიმართ სხვა, ჩხუბის საქმეზე შეფარდებული გირაოთი ეცდება და მას კომპრომატად გამოიყენებს. „თუმცა ეს არ და ვერ დაფარავს იმ ფაქტს, რომ აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით“, – დასძინა მავე.
ანა ბუჩუკურისვე თქმით, აკაკი ბართაია „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლი“ და ბუტა რობაქიძის გახმაურებული საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, რაც „სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებითაც დაადასტურა“.
მისი შეფასებით, „სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს“ და იმ მეთოდებს იყენებს, რასაც „ქართველ ხალხთან ერთად 2011-2012 წლებში თავადაც ებრძოდა“. „ჩვენი გუნდი და მისი მხარდამჭერები ამით ნამდვილად არ შეშინდებიან…. ეს ყველაფერი არის დროებითი და ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი“, – დასძინა ბუჩუკურმა.
„სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ აკაკი ბართაიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
აკაკი ბართაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობს შეუფარდა.
16 აგვისტოს ხელისუფლების მხრიდან თვალთვალზე გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ კახეთში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ და მათ გადაადგილებას აკვირიდებოდნენ. მან Facebook-ზე შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა.
ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ გახარიას გუნდი „ყურადღების მიქცევასა“ და „პოლიტიკური ნიშის“ დაკავებას ცდილობენ. „ამ თვალსაზრისით ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. რეალურად, ასეთი მეთოდებით და ხერხებით არავის ვუპირისპირდებით“, – უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობა 18 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების მიზეზით დატოვა და მაისის ბოლოს ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. მთავრობის მეთაურის პოსტიდან გახარიას წასვლის შემდეგ, მის გუნდში გადაინაცვლა მმართველი პარტიის არაერთმა დეპუტატმა თუ საჯარო მოხელემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა (88%) და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის (58%) შემდეგ, გამოკითხული მოქალაქეებიდან ყველაზე დადებითად (56%) სწორედ გიორგი გახარიას აფასებს. მის პარტიას კი, ქართული ოცნებისა (28%), ნაციონალური მოძრაობის (15%) შემდეგ, რესპონდენტების ყველაზე მეტი (9%) მხარდაჭერა აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)