ნატოს 5 სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ნატოს 5 სამხედრო ხომალდი, მათ შორის, სამი ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) შემადგენლობიდან, 28 სექტემბერს ბათუმის პორტს ესტუმრა. ხომალდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.
შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს და მის შემადგენლობაშია ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვა ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებენ, რომლის მიზანიც „საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“.
ამავე ინფორმაციით, ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, „შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“.
ნატოს გაერთიანებულმა საზღვაო ძალებმა (MARCOM) 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ნატოს ხომალდები შავ ზღვაში შევიდნენ, რათა საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოების კუთხით პატრულირება განახორციელონ, რაც მოკავშირეებსა და რეგიონულ პარტიორებს – უკრაინას და საქართველოს შორის საზღვაო სიტუაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ასევე წაიკითხეთ:
- ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს
- ბათუმის პორტს ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი სტუმრობს
- ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
- ნატოს ხუთი ხომალდი ფოთის პორტს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)