ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილს „არასდროს“ შეიწყალებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს, საღამოს განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მანამდე თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
„იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის დედა ჰყავდა მხედველობაში.
„იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი, სწორედ ამ პიჯაკით, და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს“, – განაგრძო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი არ იმსახურებს შეწყალებას საქართველოს მოქალაქეობის დათმობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის გამოც.
აღნიშნა რა, რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში „ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად“ შემოვიდა, ზურაბიშვილმა მას 2 ოქტომბრის არჩევნებზე დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში დასდო ბრალი.
„აწი კანონი იკანონებს და იწყება საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის ახალი ფურცელი. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, რათა „ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ „უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე – იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება“.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის გადადგომას ითხოვს
- ზურაბიშვილის მოწოდებით იპოდრომზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა
- ექსმინისტრი ზურაბიშვილი პარლამენტის მმართველი ბირთვის წინააღმდეგ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)