პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირასთან“ საუბარში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დიდი დრო დაუთმო, ინტერვიუს დასასრულს კი – იგი გააფრთხილა კიდეც.

„წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და პარტიის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიასთვის გამოგზავნილი წერილის საპასუხოდ, რომელშიც იგი წერს, რომ „მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართალდამცველ უწყებებს „დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე“ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა და მის დასაკავებლად „საჭირო მომენტს“ ელოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის, „ამ ავადმყოფი ადამიანის“ თაოსნობით ქვეყანაში „ბინძური პროვოკაცია“ იგეგმებოდა. მათ შორის, განიხილებოდა „რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა[ც]“.

მისივე განცხადებით, 3 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, სადაც საღამოს სააკაშვილი უნდა გამოჩენილიყო.

„კულმინაციის დროს მაქსიმუმ 10 000 კაცის მობილიზებას ალბათ შეძლებდნენ და პოლიციას, ბუნებრივია, მაშინ მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის, სპეცსაშუალების გამოყენებაც მოგვიწევდა და ამ დროს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანი დასავლეთის თვალში მოქმედი ხელისუფლების დელეგიტიმაცია და ახალი არჩევნებისა დანიშვნისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნისთვის ნიადაგის მომზადება იყო.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის მისჯილ 6 წელს „სრულად მოიხდის… და ჩვენ კომფორტს შევუქმნით ციხეში“.

„ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა, 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა, ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)