პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში ვიზიტი დაასრულა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კიევში 5-7 ოქტომბრის ვიზიტი დაასრულა, სადაც უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა და ბაბინ იარის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ კუჭავამ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ოკუპაციის, სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ კუჭავამ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო „ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა 1 მლრდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის“, ასევე ტურიზმს, რომელიც „მაღალი ტემპით იზრდება“.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის დაკავებას, კუჭავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან წამოსვლა, სადაც მას რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, „ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის“.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“.

სააკაშვილის შესახებ საუბრისას, კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ იგი უკრაინიდან წამოსვლასა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გეგმავდა. მისი თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განხილულა.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება.

იგი ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდის საკითხსაც შეეხო და უკრაინისა და საქართველოს ქალაქებს შორის დაგეგმილი ფრენების რაოდენობის ზრდის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ევროპული ინტეგრაციის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა აღნიშნა, რომ „უკრაინისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებაში, გაზრდის გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ მედეგობას და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის“.


6 ოქტომბერს კახა კუჭავა კიევში, ბაბინ იარის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმასპინძლა. ცერემონიას ასევე დაესწრნენ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)