გერგეი კარაჩონიმ უნგრული ოპოზიციის ლიდერობა დათმო
რა მოხდა?
ვიქტორ ორბანის მმართველობის შესარყევად ოპოზიციის ფალავნის შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა ბუდაპეშტის მერი გერგეი კარაჩონი, რომელსაც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.
რა უძღოდა ამას წინ?
ოპოზიციის შიდა კონკურსის პირველი ტურის შედეგად, ლიდერობა დემოკრატიული კოალიციის ლიდერმა, მემარცხენე კლარა დობრევმა მოიპოვა, მეორეზე კარაჩონი გავიდა, ხოლო მესამეზე – სამხრეთ უნგრეთის პატარა ქალაქ ჰედმეზოვაშარჰეის მერი, მემარჯვენე პეტერ მარკი-ზაი. სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა კარაჩონიმ მეორე ტურის წინ.
მოტივები?
8 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, პარლამენტთან მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე კარაჩონის უთქვამს, მარკი-ზაის მემარჯვენე ორბანის წინააღმდეგ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ამომრჩევლების თავმოყრა ჩემზე უკეთ შეუძლიაო. იგულისხმებოდა, რომ ქალბატონი კლარა დობრევი ორბანის მოწინააღმდეგეების გაერთიანებას ვერ შეძლებდა.
საქმე ისაა, რომ ქალბატონი დობრევი წარსულში სოციალისტური პარტიის და ამჟამად დემოკრატიული კოალიციის ლიდერის, ფერენც გიურჩანის თანამეცხედრეა. სწორედ გიურჩანმა დაკარგა პოპულარობა 2004-09 წლებში პრემიერობისას, რითაც ორბანს გაუხსნა გზა. ექსპერტების თქმით, ამიტომაც არ სურს კარაჩონის, ბატონ ორბანს ოპოზიციიდან დობრევი შეერკინოს.
ლირიკული გადახვევა
რა მოხდება ახლა?
ოპოზიციის კონკურსის მეორე ტური 10-16 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნები კი გაისად. უცნობია, რამდენად ენდობა ამომრჩეველი მარკი-ზაის.
თუკი ოპოზიციის მედროშე მართლაც მარკი-ზაი გახდა, ორბანის პარტია ფიდესს გაისად თავსატკივარი ელის: მას მარჯვნიდან ისეთი მეტოქე გამოუჩნდებათ, რომელმაც მცირე ქალაქებისა და სოფლების სატკივარი კარგად უწყის, არადა ფიდესის მთვარი სიძლიერეც აქაა. ვარაუდობენ, რომ ორბანის პარტია, რომელსაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად იდეოლოგიური ფლანგების შეცვლას არ ერიდება, ლიბერალების და მემარცხენეების ხმების მომხრობას, ან, სულმცირე, მათ თვალში მარკი-ზაის შერცხვენას შეეცდება.