პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაბატებითი ბრალის დადგენილება გამოიტანა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს ბრალის დადგენილება გამოიტანა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალს, სავარაუდოდ, დღესვე წარუდგნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის მარშრუტიც გააცნო. საგამოძიებო უწყების ცნობით, 28 სექტემბერს, ღამის 23:00 სთ-ზე უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“, საიდანაც უკვე 29 სექტემბრის ღამის 01:04 სთ-ზე ამავე საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის – ელგუჯა ცომაიას კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი ჩამოვიდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იჯდა.
პროკურატურის განცხადებით, გასასვლელისკენ მიმავალი ტრაილერი ცომაიამ გზად სამჯერ გააჩერა. მესამე ჯერზე იგი მისაბმელის უკანა კართან მივიდა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და მარჯვენა მხრიდან ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.
„ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, შემდეგ ტრაილერი ე.წ. გეზ-თან (გაფორმების ეკონომიკური ზონა) მივიდა, სადაც მათ ასევე ამავე საქმეზე დაკავებული მამა-შვილი – ზურაბ და შალვა წოწორიები „მერსედესის“ მარკის ავტომობილით ელოდნენ. სააკაშვილის გადაჯდომის შემდეგ, ელგუჯა ცომაიამ ტრაილერი გეზ-ის ტერიტორიაზე დააყენა, თავად კი – მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრებთან ერთად, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში გაემგზავრა.
ამავე განცხადებით, 29 სექტემბერს, საღამოს საათებში, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი ტყვირიდან „ფორდის“ ფირმის მიკროავტობუსით ბათუმისკენ წავიდნენ და უკან დაახლოებით ღამის თერთმეტი საათისთვის დაბრუნდნენ.
იმავე ღამით, ისინი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში გადასხდნენ, მათ შსს-ს მიერ გუშინ დაკავებული გიორგი ნარიმანიძე ელოდათ და თბილისისკენ გამოემართნენ. პროკურატურის ცნობით, ხსენებული ტრაილერი ფოთის პორტიდან ცომაიას თხოვნით, სწორედ ნარიმანიძემ გამოიყვანა.
30 სექტემბერს, გამთენიისას, მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია, თბილისში, ერწოს ქუჩაზე, ცომაიას კუთვნილ ბინაში დაბინავდნენ, ნარიმანიძემ კი – გზა თბილისის გეზ-ისკენ განაგრძო, სადაც პროდუქტი ჩამოტვირთა, ავტომანქანა კი – თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე გააჩერა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შსს-ს ჯამში სულ 4 პირი ჰყავს დაკავებული, რომელთაც გამოძიება „მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას“ ედავება. მათგან ერთს, ელგუჯა ცომაიას პროკურატურამ დღეს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების მუხლითაც დაუმძიმა.
დაცვის მხარის გამოხმაურება
პროკურატურის განცხადებას „ღიმილისმომგვრელი“ უწოდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყების განცხადებით დასტურდება, რომ ექსპრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით გადაადგილდებოდა, რაც მისივე თქმით, იმის მანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა „ჩამოშლილია“.
მისივე ვარაუდით, სააკაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ დაინიშნება, „ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია და სასამარლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებს“.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)