დევნილი მთავრობა: ყარსის ხელშეკრულება მოსკოვის საჩუქარია ოსმალეთისადმი
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 31 ოქტომბერი, N12
ყარსის ხელშეკრულება (13 ოქტომბერი)
13 ოქტომბერი ერთი იმ სამარცხვინო დღეთაგანია, რომლითაც ასე მდიდარია კომუნისტთა მოღვაწეობა საქართველოში. ამ დღეს კავკასიის რესპუბლიკათა კომუნისტებმა ხელი მოაწერეს თავის სრულ კაპიტულაციას ოსმალეთის ფაშების წინაშე. ამ დღეს მათ უფრო საზიზღარი ფორმით გაიმეორეს ის მოღალატური პოლიტიკა, რომლითაც დაიწყო რუსეთის კომუნიზმმა ბერესტლიტოვსკის ცნობილი ზავი ამ სამი წლის წინეთ; მათ ხელ-ახლა დასჭრეს ამიერ-კავკასიის ერთა სხეული და იგი საჯიჯგნათ მიუგდეს თავის „მოკეთე“ ოსმალთა ფაშებს.
ყარსის, არდაგანის ოლქები მთლათ, ხოლო ბათომის ოლქის უდიდესი ნაწილი ოსმალეთს მისცეს. მასვე ჩააბარეს ბათომის მთავარი სიმაღლეები, ხოლო სამაგიეროთ თვით ბათომი… მათგან წყალობათ მიიღეს.
სწორეთ ასე სწერია ხელშეკრულების მე-6 მუხლში: „ოსმალეთი თანახმაა დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ბათუმის პორტისა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ძევს ხელშეკრულების მე-4 მუხლში ნაჩვენებ საზღვრების ჩრდილოეთით და რომელიც შედიოდა ბათომის ოლქში“ და ისიც იმ პირობით, რომ მცხოვრებლებს მიეცეს ავტონომია აგრარული კანონის დამოუკიდებლათ გამოცემით [ანუ არ გავრცელდეს მემამულეებისგან მიწების ჩამორთმევისა და გლეხებზე გადაცემის რეფორმა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] და თურქებს ქალაქ ბათუმში თავისუფალი ტრანზიტის უფლება დაურჩეს ყოველგვარი გადასახადის გაუღებლათ.
ამგვარათვე ოსმალეთი სომხებსა და აზერბეიჯანს ნახჩევანის საკითხში ერევა და ამ მაზრას აზერბეიჯანის პროტექტორატის ქვეშ აყენებს. ერთი სიტყვით იგი ხაზეინობს, საბჭოთა რესპუბლიკების შინაურ საქმეებს აწესრიგებს და თავის მხრივ წყალობას პირდება.
რა არის ეს? გამარჯვებულის კრახი, თი ჩვენი კომუნისტების სიბეცე?
სამწუხაროთ ერთიცა და მეორეც. თვით ბოლშევიკებიც არ მალავენ, რომ ხელშეკრულება ოსმალეთთან ნაკარნახევი იყო მოსკოვის ხელშეკრულებით, რომელიც მარტში დაიდვა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. ეს ხელშეკრულება საფასური იყო ანგორისთვის მიცემული, საქართველოს დაპყრობაში დახმარების აღმოჩენისთვის.
ქართველი კომუნისტები თავის ხელით იხდიან იმ ვალს, რომელიც მათმა გამომგზავნელმა გასცა, და ამით მოღალატეობაზე-მოღალატეობას უმატებენ.
რით ხელმძღვანელობდა მოსკოვი, როცა ასე სჭრიდა საქართველოს საზღვრებს? ცხადია, თავის იმპერიალისტური ზრახვებით, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელი გაეხადა და იგი თავის სამუდამო სამკვიდროთ დაეტოვებინა. მართლაც დღევანდელი საზღვრები შიგნით,როცა სომხეთი მდინარე ხრამზეა მოსული, ხოლო ოსმალეთი ბათომს თავს დასცქერის, საქართველო ყოველ მხრივ ღია კარებს წარმოადგენს, სადაც მტერს ადვილათ შეუძლია შემოიჭრეს და იქაურობა გაანადგუროს.
საყურადღებოა აგრეთვე ოსმალური გაზეთების კომენტარები ამ ხელშეკრულების შესახებ, იმ გაზეთების, რომელნიც ახლო არიან გაცნობილი ანგორის პოლიტიკას, იგინი აშკარათ აღიარებენ, რომ ბათომი და მისი ოლქი ფაქტიურათ გადაიქცა ოსმალეთის ქალაქათ, და რომ მისი პორტი მთავარი გზა იქნება ერზერუმის და ყარსის ვილაეთების ზღვასთან დასაკავშირებლათ.
ერთი სიტყვით – ბოლშევიკების და ქემალისტების კავშირი დაგვირგვინდა კავკასიაში ამ უკანასკნელთა პოლიტიკურათ და ტერიტორიალურათ გაძლიერებით და საქართველოს და სომხეთის დარღვევით.
და გაბატონებულმა ოსმალეთმა უმოწყალესად დაუთმო საქართველოს სუვერენული უფლებები ბათუმის პორტზე და ქობულეთ-ზემო აჭარაზე, ამ ნაწილისთვის ავტონომიის მინიჭებით! დღემდე ასეთი ჩარევა ხდებოდა ოსმალეთის შინაურ ცხოვრებაში და მას აიძულებდნენ ავტონომიების დაარსებას, რადგან იგი ფაქტიურათ ევროპის კოლონია იყო. მეოცე საუკუნეში, 1921 წლის დასასრულს კი დანგრეული ოსმალეთი ასეთ სამარცხვინო ხელშეკრულებას უდებს ამიერ-კავკასიის „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს“ მოსკოვის კომისართა წარმომადგენლის მონაწილეობით. ამაზე მეტი პოლიტიკური დაცემა და გალაქიავება შეუძლებელია!
და ამ მონური ქედის მოხრის სამაგიეროთ, როგორც იგივე ოსმალეთის გაზეთები გულახდილათ გადმოგვცემენ, კავკასიის კომუნისტებმა მიიღეს დაპირებები მათი ძალა-უფლების შესანარჩუნებლათ ოსმალეთის ჯარის დახმარების შესახებ.
ბოლშევიკებს საერთოთ წყალი აქვთ შემდგარი, დღეს თუ ხვალ შეიძლება მოსკოვის მფარველებმა სათანადო ხიშტიანი ძალა ვერ დაუყენონ მცველათ და მათი ძალა-უფლება საფრთხეში ჩავარდეს. აი ამ მოსალოდნელ გაჭირვების დღისთვის უნდათ მეგობარი და მოკავშირე, როგორიცაა კარაბექირ ფაშა. იგი პირდება ამიერ-კავკასიაში მათი ხელისუფლების ყავარჯნათ ყოფნას და საჭიროების დროს შეიარაღებულ დახმარების გაწევას. ასე ამბობენ და სწერენ ყოველ შემთხვევაში ანგორის მესაიდუმლე თურქული გაზეთები.
და მართლაც მხოლოდ ამით შეიძლება ამ ხელშეკრულების მთელი ხასიათის შინაარსის ახსნა, კარაბექირის მფარველობითი კილო და „საბჭოთა რესპუბლიკების“ წამომუხლისთავება კომუნისტური მოკავშირის წინაშე.
ჩვენ არ ვიცით, შეუსრულებს თუ არა მოკავშირე ქემალი თავის დაპირებებს ჩვენებურ კომუნისტებს, ან როგორ შეუსრულებს მას, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ძალაუფლებით დაბრმავებული კომუნისტები ამით ჩვენი ხალხის თვალში თავის თავს ცოცხლათ ასამარებენ.