მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან შესაძლო არეულობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა კვლავ არ მისცა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავს. 10 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ასევე უფლება არ მისცა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმე განიხილებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე მითითებით, პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მისი სასამართლოში გადაყვანისთვის ხელი ხელოვნურად შეეშალათ. კერძოდ, ჩაეკეტათ სასამართლოსთან მისასვლელი გზები და ქუჩებში და უკონტროლო სიტუცია და ქაოსი შეექმნათ. პენიტენციურმა სამსახურმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში წარმოდგენა მისივე უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული.
ამასთან, პენიტენციური სამსახურის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობაზე, სადაც იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, სასამართლო პროცესზე დასწრება მისივე ჯანმრთელობისთვის „დამატებით რისკს“ შეიცავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა უკვე დაიწყო. პროცესზე შესვლის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყოფილ პრეზიდენტს დაცვის უფლება „წაართვა“ და „სასამართლო გაუქმებულია“.
გარდა ამ ორი საქმისა, გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავება. ამასთან, სასამართლომ 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ უკვე ცნო. მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლებიც სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულნი, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება 6 წლის ვადით აღუკვეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე დააკავეს. იგი საპატიმროში უკვე 46-ე დღეა შიმშილობს.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ
- სააკაშვილს სასამართლო მოსმენაზე დასწრების უფლება არ მიეცა
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)