ჩინეთის ელჩი აფხაზ „დიპლომატს“ დამასკოში შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, ჩინეთის ელჩმა სირიაში, ფენ ბიაომ 6 დეკემბერს დამასკოში, ჩინეთის საელჩოში, სირიაში აფხაზეთის „ელჩს“, ბაგრატ ხუტაბას უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბრისას, აფხაზეთის ახალდანიშნულმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ და კრემლის ყოფილმა თანამშრომელმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ჩინეთი, რომლებიც „ერთიანი ფრონტით გამოდიან სირიის არაბთა რესპუბლიკის მხარდასაჭერად, შეძლებენ ნაყოფიერი მუშაობა დაიწყონ ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად“.
არძინბა ასევე მიესალმა ჩინეთის „მიდგომას საგარეო პოლიტიკაში, რომელიც სამართლიანობაზე, პარტნიორების ინტერესთა პატივისცემასა და დადებით შედეგზეა ორიენტირებული“.
აღნიშნა რა, რომ პეკინმა საერთაშორისო ურთიერთობებში „კონსტრუქციული მონაწილის“ როლი აირჩია, არძინბამ განაცხადა, რომ ჩინეთმა ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, „ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების ჰუმანიტარული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ მონაწილეობით.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება უფრო სამართლიანი პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფუნდამენტს წარმოადგენს, სადაც ყველა ხალხის უფლებებს პატივს სცემენ და აფასებენ.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საგარეო უწყების პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება. თბილისში ჩინეთის საელჩოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჩინეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. დღემდე ორი რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნაურუმ ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.
სოხუმმა სირიაში „საელჩო“ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.
ასევე წაიკითხეთ:
- სოხუმი უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე წინასწარ შეთანხმებას ითხოვს
- კრემლის ყოფილი თანამშრომელი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)