საქართველო მოსკოვში 3+3 პლატფორმის შეხვედრას არ დაესწრო
საქართველო მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ მოსკოვისა და ანკარას მიერ ინიცირებული 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ შეხვედრას არ დაესწრო.
პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰე გევორგიანის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სედატ ონალის, ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის ალირეზა ჰაგიგიანის თანათავმჯდომარეობით.
„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, რომ პლატფორმის მუშაობას საქართველოც შეუერთდეს, რომლისთვის კარი ღია რჩება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 10 დეკემბერს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა პოზიცია, რომ საქართველო არ აპირებს პლატფორმაში მონაწილეობას რუსეთის ფედერაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)