„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში „შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკის“ შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 24 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ საქართველოში „შეჩერებულ“ ანტიკორუფციულ რეფორმებს დემოკრატიის ხარისხის შესუსტება, დაზიანებული საერთაშორისო იმიჯი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შენელება მოჰყვა.
ანგარიში 2020-2021 წლების პერიოდს ფარავს და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ინსტიტუციური მოდელი არ მოიცავს ყველა იმ ფუნქციას, როგორებიცაა კორუფციის პრევენცია, გამოძიება, ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოება და ცნობიერების ამაღლება, რომელიც აუცილებელია კორუფციის შესაკავებლად.
ზოგიერთი ფუნქცია ან საერთოდ არ არის არცერთი ინსტიტუციის პასუხისმგებლობის ქვეშ, ან გაბნეულია რამდენიმე უწყებას შორის, რომლებიც ვერ ახერხებენ მათ სათანადოდ შესრულებას.
ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანო, რომელიც ეფექტურად გამოიძიებს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს, გააუმჯობესებს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის სამართლებრივი ნორმების აღსრულების პრაქტიკას.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „წლებია“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში 2020 წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა ის ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ორგანიზაციამ შეახსენა ხელისუფლება, რომ ანალოგიური მოწოდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაშიც გაკეთდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ხაზი გაუსვა, რომ ანტიკორუფციული საბჭო და მისი სამდივნო რეალურად არ ფუნქციონირებს. „ანტიკორუფციული საბჭოს ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა, ხოლო სამდივნო რეალურად არც არსებობს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის თქმით, „საგანგაშოა“ ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა) შემუშავების ეტაპზე არსებული ხარვეზები.
საქართველოს 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს არ არის „მტკიცებულებაზე დაფუძნებული“ დოკუმენტი. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია შეიცავს ქვეთავს სახელწოდებით „სიტუაციის ანალიზი“, იგი არ მოიცავს ანალიტიკურ ინფორმაციას და ძირითადად აღწერითი ხასიათისაა, ხოლო სამოქმედო გეგმა „ვერ პასუხობს პოლიტიკის დოკუმენტებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს“.
ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „დღემდე მიღებული ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის არცერთი დოკუმენტი არ მიემართება მაღალი დონის კორუფციის პრობლემას“. ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ არცერთი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აღიარებს ამ გამოწვევის არსებობას და შესაბამისად, მის წინააღმდეგ კონკრეტულ აქტივობებსაც არ მოიცავს.
მთავრობის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მხოლოდ 56% შესრულდა. კიდევ უფრო დაბალია 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დონე – სრულად შესრულდა ვალდებულებების მხოლოდ 43.5%.
იმავდროულად, დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.
ასევე წაიკითხეთ:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მთავრობა ანტიკორუფციულ რეფორმას უგულებელყოფს
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ოფშორული კომპანიების მფლობელობა ქვეყანაში ელიტურ კორუფციას ახალისებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)