პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
29 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
ქართულმა ოცნებამ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 24 დეკემბერს მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტის აწ უკვე ყოფილი სპიკერი, კახა კუჭავა გადადგა.
შალვა პაპუაშვილის მიმართვა
არჩევამდე დეპუტატებისადმი მიმართვისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ის „საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე“ იდგება და ოპოზიციასთან ითანამშრომლებს. მანვე პირობა დადო, რომ მომდევნო სამი წელი პარლამენტისთვის რეფორმებით გადატვირთული იქნება, რამდენადაც 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უნდა წარადგინოს.
„ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა და ამის მაგალითად „წარმატებული საარჩევნო რეფორმა“ დაასახელა.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მან თქვა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია მმართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტია. პაპუაშვილმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილმა რეფორმებმა „გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“.
„ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება“, – განაცხადა მან და დასძინა რომ „ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან“.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ, 2021 წელი იყო ერთ-ერთი ურთულესი საქართველოსთვის, რადგანაც „საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე“.
შალვა პაპუაშვილის ბიოგრაფია
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების სიით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხვდა. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, იგი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2021 წლის 27 მარტიდან იგი ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.
2021 წელს იგი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო, რომელიც ქართული ოცნებისა და პარტია მოქალაქეების თანამშრომლობით შეიქმნა და რომელსაც შემდგომ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. ჯგუფი 17 მაისს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდა, რომლებიც პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა.
საპარლამენტო კარიერის განმავლობაში, შალვა პაპუაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო კრიტიკის სამიზნეც გახდა. მაშინ პაპუაშვილმა ქალი დეპუტატის მიმართ ძალადობა და შევიწროება უარყო.
გერმანიის საარლენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პაპუაშვილს კერძო და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)