დეგნანი: უსაფრთხოების მოლაპარაკებების ფონზე ვაშინგტონს თბილისთან კოორდინაცია აქვს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „არ გამართავს მოლაპარაკებებს საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“ და პირობა დადო, რომ მოსკოვთან უსაფრთხოების თაობაზე საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ვაშინგტონს თბილისთან კოორდინაცია ექნება.
11 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ხელისუფლებასთან, ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან მიმდინარე კვირის შეხვედრების თაობაზე, რომელთა შორისაა – აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა და ეუთო მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი გარანტიებს ითხოვს იმისთან დაკავშირებით, რომ ალიანსი უარს იტყვის საქართველოს და უკრაინის წევრობაზე.
აშშ-ის ელჩმა მაღალი დონის დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დაჟინებით ითხოვს, რომ „აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ექსკლუზიური გავლენის სფეროს ჩამოყალიბების უფლება უნდა მიეცეს“.
„რუსეთს არ აქვს ვეტო თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიმართ, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის 5 იანვრის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიუღებელია“.
„ეს არის [რუსეთის] მცდელობა უარი თქვას ცივი ომის შემდგომ ოცდაათწლიან მშვიდობაზე, სტაბილურობასა და პროგრესზე და შეეცადოს ხელახლა შექმნას დომინანტობა და კონტროლი თავის მეზობლებზე“, – განაცხადა მან.
დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს „იმოქმედონ როგორც სრულად სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომელთაც უფლება აქვთ თავად აირჩიონ პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში“.
აღნიშნა რა, რომ კრემლი სიმართლეს და ისტორიას ამახინჯებს, რათა ხალხი დააბნიოს და დაყოს, დეგნანმა განაცხადა, რომ „რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც 1921 წელს გაანადგურა საქართველოს რესპუბლიკა, შებღალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები და ქართული ენის გაქრობას შეეცადა“.
„ქართველებმა იბრძოლეს თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ და შეძლეს აერჩიათ თქვენი, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი – არჩევანი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ელჩმა დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც „კრემლი ვერაფერს სთავაზობს თავის მეზობლებს შიშის, შევიწროებისა და დეზინფორმაციის გარდა“, აშშ-ს კვლავაც სჯერა „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“.
მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს მოსკოვთან მოლაპარაკება, რათა აღკვეთოს კონფლიქტი და დეესკალაციას მიაღწიოს, მაგრამ „ჩვენ ვერ და არ დავთმობთ ევროპის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან თავისუფლებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-მა ჟენევაში ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურა
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკალიანს ესაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)