ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იყიდება
ათეულობით მლნ ლარის დავალიანების მქონე ქართული ავიაკომპანია – „ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ აშშ დოლარად იყიდება. ინვესტორის მოძიებაზე „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ მუშაობს.
კომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 29 დეკემბერს დასაშვებად ცნო „ჯორჯიან ეარვესის“ მოთხოვნა კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და საქმის წარმოების რეაბილიტაციის რეჟიმით გახსნის, ასევე ვალდებულებებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიას 70-ზე მეტი სააგენტოსა და პროვაიდერის, ასევე 16 168 მგზავრის მიმართ 175.9 მლნ ლარის დავალიანება დაუგროვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისი კოვიდ-19-ის პანდემიამ და ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ განაპირობა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა და „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა, რომან ბოკერიამ 17 იანვარს გამოცემა „ბიზნეს პარტნიორთან“ საუბარში თქვა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე „ადვილი გამოსავალი“ საქართველოს მთავრობის მიერ კომპანისს 30-50%-იანი წილის შესყიდვა იქნებოდა.
მისივე თქმით, ეს ავიაკომპანიას მისცემდა საშუალებას, კერძო სექტორის ინვესტიციების სახით, მოეზიდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი ფინანსები.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-იან წილს მისი გენერალური დირექტორი, დავით გაიაშვილი ფლობს, 20% კი – „ჯორჯიან ეარსერვისის“ საკუთრებაა.
აივაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“, რომელიც 1993 წელს „აირზენას“ სახელით დაარსდა, 2020 წლის მდგომარეობით, 470-ზე მეტი თანამშრომელი იყო დასაქმებული. 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, კომპანიამ 14 მიმართულებით 3 790 ფრენა შეასრულა.
ავიაკომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ამჟამად ფრენები შემდეგი 6 ქალაქის მიმართულებით სრულდება: მინსკი, თელ-ავივი, მოსკოვი, ერევანი, ამსტერდამი და ვენა. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტისთვის, კომპანიას მხოლოდ 275 თანამშრომელი ჰყავდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველომ რეგულარული ფრენები განაახლა
- მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადაავადა
- პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)