ტყიბულის შახტში აფეთქებას ერთი მუშა ემსხვერპლა, რვა დაშავდა
ტყიბულის ქვანახშირის შახტში 30-31 იანვრის ღამით მომხდარ აფეთქებას ერთი მეშახტე შეეწირა, რვამ კი დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები თავდაპირველად ტყიბულის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი, გამთენიას, თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ დაშავებულებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს.
„სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან, ერთის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტები — 5 პაციენტი — მოთავსებულები არიან დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები“, — თქვა ქაშიბაძემ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
31 იანვარს, შრომის ინსპექციამ პირველადი მოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა და აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ, 1%-იან ნორმას აჭარბებდა.
შრომის ინსპექციის თანახმად, დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის ის პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს ზედამხედველი ადგილზე არ იმყოფებოდა.
ინპექციის გადაწყვეტილებით, საამფეთქებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს და კონკრეტული უბანი, სადაც აფეთქება მოხდა, უნდა დაიხუროს.
ამავე თემაზე:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)