ქართული ოპოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ
ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს სოლიდარობა გამოხატეს კიევის მიმართ და დღეს დილით რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობას მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდეს.
„ყველას გვესმის, რომ ეს ბოროტებასა და თავისუფლებას შორის ომია, რომელიც მთელ ჩვენ კონტინენტს და მთელ მსოფლიოს ეხება!“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა!“, – განაცხადა მანვე.
დღესვე, ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში უკრაინის საელჩოსთან 15:00 სთ-ზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაგეგმა.
„რუსეთმა [უკრაინაში] წინასწარ დაგეგმილი ომი წამოიწყო, როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ“, – დაწერა Twitter-ზე ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
მოუწოდა რა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისთვის „მკაცრი სანქციების“ დაწესებისკენ, მამუკა ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, რომ „გადამწყვეტი მოქმედების დროა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის იდეების დასაცავად“.
„რუსეთის ღია აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ“ დაგმო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის.
„დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის შეჩერება ყველა ეფექტიანი მექანიზმის გამოყენებით“, – განაცხადა პარტიამ და დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შედეგები „განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგი იქნება მომავალში“.
„დიდება უკრაინას, საქართველო ყოველთვის თქვენს გვერდითაა“, – დაწერა Twitter-ზე დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მანვე თბილისის ცენტრში 19:00 სთ-ზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ გუნდს საგანგებო სესიის მოწვევისკენ მოუწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)