ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის შემდეგ, უკრაინის ორი ოკუპირებული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღიარა.

„ჩვენი მოკავშირის გადაწყვეტილებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ყველა თვალსაზრისით სამართლიანად, ხოლო [უკრაინის წინააღმდეგ] დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აბსოლუტურად გამართლებულად მივიჩნევ“, – განაცხადა ბჟანიამ.

„ამ რესპუბლების ხალხების მიმართ ჩვენი თანაგრძნობის საწყისი ჩვენი ბედის მსგავსებაშია, როდესაც უკრაინის 4 მილიონიანი რუსულენოვანი მოქალაქე ფაქტიურად გენოციდის სამიზნე გახდა”, – განახადა მან.

ბჟანიას თქმით, მოსკოვი შეეცადა, რომ „პრობლემა სამართლიანად მოეგვარებინა და სამშვიდობო პროცესში აქტიურ შუამავლად მოქმედებდა“. მან უკრაინა დონბასიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დევნასა და განადგურებაში დაადანაშაულა.

„ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო, რუსეთის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა მან.

აფხაზეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინის აგრესია გამოიწვია და კვლავ ხორციელდება ე.წ. კოლექტიური დასავლეთის პირდაპირი წაქეზებით“.

მან ასევე გაიხსენა, რომ აფხაზეთის 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უკრაინული შენაერთები „სასტიკად“ იბრძოდნენ აფხაზეთის ძალების წინააღმდეგ.

„ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია“, – განაცხადა მან.


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის დილას გამოაცხადა. მანამდე, 21 თებერვალს, მოსკოვმა მინსკის შეთანხმებების დარღვევით დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

კიდევ უფრო ადრე, რუსეთი უკრაინასა და მის გარშემო თვეების განმავლობაში სამხედრო ძალების მობილიზაციას ახორციელებდა და ნატოსგან უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო აშშ-ისგან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამხედრო ბაზები განთავსებაზე უარის თქმას ითხოვდა.

ალიანსმა და აშშ-მა დაგმეს რუსეთის მიერ „გავლენის სფეროების“ ხელახლა დამყარების მცდელობა და 26 იანვარს დამოუკიდებელი განცხადებებით უპასუხეს. მათ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს და ბევრი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

საპასუხოდ, მოსკოვმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ „რუსეთი იძულებული იქნება მიმართოს საპასუხო ზომებს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)