ოფიციალური თბილისი კიევის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევას პასუხობს
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური კიევის მიერ თბილისიდან უკრაინის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას გამოეხმაურნენ.
„არის მცდელობა, საქართველო აქ, საქართველოში იყოს ჩართული პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში. უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც „ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში“. მან არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად ვის მოიაზრებს, უკრაინის ხელისუფლებიდან აქ კოორდინაციის ნაწილად.
„არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ „ნაციონალებს“ და [ვოლოდიმირ] ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია“, – დასძინა მანვე.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არც თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ისრაელი შეუერთდნენ, ელჩები იქიდან არავის გამოუწვევია.
„მიზეზი არის ერთადერთი ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს“, – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით, ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება „აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია“.
- უკრაინა ღარიბაშვილს მიმართავს, მოხალისეებს გაფრენის ნება დართოს
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
ირაკლი კობახიძის პოზიცია გაიმეორა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა და თქვა, რომ „არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა“.
მისი მტკიცებით, „ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში“.
დარჩიაშვილის შეფასებით, გუშინ ჩარტერული რეისით უკრაინაში მოხალისეების „გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა… იქნებოდა აღქმული, როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“.
„საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას“, – ხაზი გაუსვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ზელენსკის „გაუგებარი“ გადაწყვეტილებისა, „საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში“.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებების პარალელურად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის საპასუხოდ, მთავრობის მიერ მიღებული არაერთი სადავო გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ.
ასევე წაიკითხეთ:
- მოქალაქები „მოღალატე ღარიბაშვილის“ გადადგომას ითხოვენ
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)